სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და ლოგიკურია, რომ სულ უფრო და უფრო მატულობს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობაც. ადგილობრივ ლუდომანებთან ერთად, მრავალი წელია საქართველოს სამორინეებს ხშირად სტუმრობენ აზარტის მოყვარულები იმ მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც სათამაშო ბიზნესი აკრძალულია… თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი — ამ სახელმწიფოთა მოქალაქეთა ნაწილი თამაშის ჟინს სწორედ ჩვენში იკლავს… საკითხავია, რატომ არის დასაშვები საქართველოში ის, რაც სხვაგან მიუღებელია?! იმიტომ, რომ ასეთია ღარიბი სახელმწიფოს ხვედრი. ნაცვლად თამაშზე დამოკიდებულების რისკებისგან საკუთარი მოქალაქეების დაცვისა ის ფისკალურ ეფექტზეა ორიენტირებული. მე ასე ვფიქრობ, თქვენი არ ვიცი… შესაბამისად, უკვე არავინ დავობს, რომ სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა. ყოველწლიურად ბიუჯეტი სოლიდურ თანხებს იღებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით გასულ წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 4.300.000.000 ლარი შეადგინა!.. თუმცა, დილემაც აქვეა. სათამაშო ბიზნესი საქართველოში უკვე არა ერთი ოჯახის ტრაგედიად იქცა.
საგანგაშოა ონლაინ თამაშები, რომლებშიც არასრულწლოვნებიც უპრობლემოდ არიან ჩართულნი. დიახ, ქვეყნის ინტერნეტიზაციის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა. TOP ქართული საიტების რეიტინგში სათამაშო ვებ-გვერდები ლიდერთა შორისაა. მხოლოდ ერთს დღეში ასი ათასზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს, თვეში კი მილიონზე მეტი. მოკლედ, აზარტული თამაშებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ნეგატიური ეფექტები საკმაოდ ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას საკანონმდებლო ცვლილებებით ცდილობს. ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში უკვე წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ონლაინ აზარტული თამაშებისთვის რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, შეიქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აწარმოებს. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პიროვნებას შეეძლება, რომ მონაცემების რეესტრში თავად დარეგისტრირდეს. ასევე, მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა. სიაში მყოფი პირების სათამაშოდ დაშვების ორგანიზატორები დაჯარიმდებიან 5 000 ლარის ოდენობით.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ქართულ რეალობაში ახალი ინიციატივა ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტროს მექანიზმები სწორად განხორციელდება.
ეკონომისტი ანდრია გვიდიანი: „მსგავსი სიის შემოღების ინიციატივას მივესალმები. ეს არის თვითაკრძალვის ერთ-ერთი მექანიზმი. ამ სენით ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული და მათთვის მისაღებია, რომ საკუთარ თავს თამაში აუკრძალონ. მართალია, ისინი თამაშს ვეღარ მოახერხებენ. როგორც ვიცი, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი მოდელი აქვს შექმნილი. ქართულ რეალობაში ამ მექანიზმების გადმოღება თუ სწორად მოხდა, გაამართლებს…“
ევროპის ქვეყნებში სათამაშო სფეროში ე. წ. შავი სიის არსებობა აპრობირებულია. მოთამაშეს, თავად შეუძლია შეწყვიტოს წვდომა ონლაინსივრცესთან. ოჯახის წევრებსაც აქვთ უფლება, აუკრძალონ მათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. შესაძლოა, კონკრეტულმა მოთამაშემ ონლაინ სივრცეში ახალი იუზერი შექმნას და ისე ითამაშოს. ეს როგორ გაკონტროლდება?!.. ამ კითხვაზე ეკონომისტებს პასუხი არა აქვთ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ამკრძალავი მექანიზმის არსებობა აუცილებელია… მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც ონლაინ სათამაშო სივრცეში არასრულწლოვნების ჩართულობის რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. ასევე, გამჭვირვალე უნდა იყოს ის ტრანსფერები და თანხების მოძრაობა, რომელიც ტრიალებს აზარტულ თამაშებში. არსებობს ფულის გათეთრების რისკები. უკონტროლოა მოთამაშეთა ონლაინ სივრცეში იდენტიფიცირების საკითხები. ფინანსთა სამინისტრომ აღიარა, რომ ამ სივრცის კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია…
ანდრია გვიდიანი: „ონლაინ თამაშებსა და ფულის გათეთრებას შორის კორელაცია საკმაოდ მაღალია, რადგან სისტემა ორგანიზებული პროცედურების გვერდის ავლით, გარკვეული თანხების სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილების საშუალებას იძლევა. ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, ონლაინ თამაშები არის ფულის გათეთრების იდეალური საშუალება. მაღალი სისწრაფის ინტერნეტი და მისი წვდომა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ამ ყველაფერს კიდევ უფრო მარტივს და რეალურს ხდის. გარდა ამისა, ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმა ხშირ შემთხვევაში ნარკოდანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მტკიცდება, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის და სხვა უკანონო ქმედებების განხორციელების მიზნით, ანაზღაურების საშუალებას სწორედ ონლაინ სივრცეში მოქმედი აზარტული თამაშების სისტემა წარმოადგენს. რამდენადაც, აღნიშნული მეთოდი არის ერთი მხრივ კომფორტული შავი ფულის გაცვლის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ კი ასეთი პლატფორმები პირის იდენტიფიცირების გარეშე ფულის გაცვლის საშუალებას იძლევა. ცხადია, რომ ეს ფაქტორები ხელს უწყობს ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის განვითარებას, რაც ბევრ ქვეყანაში ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიების მაქსიმალურად შეზღუდვის ან აკრძალვის საფუძველი გახდა… მიუღებელია ჩემთვის ის პოზიცია, როდესაც ადამიანები გამოდიან და აზარტულ სივრცეში რეგულაციების შემოღებას არ იზიარებენ. მით უმეტეს, ეს გზა უკვე ბევრმა ქვეყანამ გაიარა.
რაც შეეხება გარკვეულ ექსპერტთა მოსაზრებას, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ონლაინ თამაშების სრულ აკრძალვას ეკონომიკაზე უარყოფით გავლენა ექნება, ეს არასწორია, რადგან ონლაინ თამაშების სივრცის შეზღუდვით გამონთავისუფლებული თანხები დანაზოგებისკენ გადაინაცვლებს და მერე საბანკო სექტორის მეშვეობით ინვესტიციებად დაკონვერტირდება. ეკონომიკა ბევრს არაფერს დაკარგავს, მაგრამ სრული აკრძალვა საქართველოდან თანხების გადინებას გამოიწვევს და უცხოურ სერვერებზე თამაშის კოეფიციენტი გაიზრდება. ეს იქნება მხოლოდ დანაკარგი. დანარჩენი თანხები ეკონომიკაში დარჩება. ზოგჯერ არასწორად ესმით ექსპერტებს და ამბობენ, რომ ონლაინ სათამაშო სივრცის შეზღუდვით ეკონომიკას ამ სფეროს დივიდენდები მთლიანად დაკლდება. ამას არ ვეთანხმები…“
ერთი სიტყვით, აზარტული თამაშები კონკრეტულ რისკებს შეიცავს და მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. საკანონმდებლო რეგულაციების პაკეტი მზად არის და ინიცირებულია, თუმცა როდის მოიცლიან ხალხის რჩეულები განხილვებისთვის ჯერ კიდევ უცნობია რადგან პარლამენტში რამდენიმე დღის წინ კონსულტაციების მიზნით დაგეგმილი შეხვედრა კვლავაც გადაიდო…
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!