თამაშში წაგებული ცხოვრება...

გამოწერა
ქვეყანა დაემსგავსა „მბრუნავ ბორბალს“ წითელი და შავი ფერებით, სადაც ადამიანთა ყოფა გარდასახულია სათამაშო ქულებში, სადაც ადამიანი საკუთარი თავის მტერია, სადაც ყველა უიღბლოა, სადაც სხეულს აზარტი მართავს... ვინ რას იგებს, როცა ფსონი თაობების სიცოცხლეა?!...

წინამდებარე მასალის სახელდების ავტორი თავად გახლავართ… რა გასაკვირია, ასეც უნდა იყოს, — შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა და მეც უსიტყვოდ დავეთანხმები… მხოლოდ ერთს კი დავსძენ — ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც უნდა იყოს!… ნათქვამის დასტურად მომდევნო სტრიქონები გამოდგება. სტატიის პირველი ნაწილი მე როდი მეკუთვნის, ის სხვისი ნააზრევის პერიფრაზია… ციტირებაც შემეძლო, მაგრამ ავტორმა იუარა. ახლა მავანმა პლაგიატობა, რომ არ დამაბრალოს გეტყვით — სასწავლო პროგრამის ფარგლებში მრავალ სტუდენტთაგან ერთ-ერთმა საგაზეთო პუბლიკაციის თემად ე.წ სათამაშო ბიზნესი აირჩია და დასკვნით გამოცდაზე სტატია წარმოადგინა. რამდენიმე ამონარიდი საგამოცდო ნაშრომიდან…     

„ლუდომანიამ მოიცვა მთელი საქართველო… ქვეყანა დაემსგავსა ერთ დიდ კაზინოს, სადაც საზოგადოებამ დაკარგა დროის აღქმის უნარი. საზოგადოების დიდი ნაწილი კაზინოს არა გართობის, არამედ გამდიდრების უმოკლეს და უმარტივეს გზად მიიჩნევს. სწორედ აქედან იწყება პრობლემები… 

დაღუპული თაობები… დანგრეული ოჯახები, მოტყუებული და გაღარიბებული საზოგადოება. ლუდომანი შვილები, გაყიდული უძრავ-მოძრავი ქონება, დალომბარდებული მომავალი და სუიციდით დასრულებული მრავალი სიცოცხლე…

შეგვიძლია, ვიყოთ ცივსისხლიანები და კრიტიკულები, ლუდომანიით შეპყრობილთა მიმართ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ადამიანები განსხვავდებიან: ზოგი მეტად აზარტულია, ზოგიც ძალიან მიამიტია, ზოგსაც კი გაჭირვებამ გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი, იღბლის იმედად, უკანასკნელი გროშებით, იმაზე ფიქრით, რომ იქნებ ერთხელ მასაც გაუმართლოს. ყველას ერთად კი არ აქვთ მთავარი – ნებისყოფა!… 

რთულია ებრძოლო საკუთარ თავს, როდესაც ტელევიზორში უყურებ უამრავ სარეკლამო რგოლს, კაზინოს „საუკეთესო თვისებების“ შესახებ, როდესაც ინტერნეტში თითქმის ყველა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სხვადასხვა სათამაშო კომპანიის დიდი სარეკლამო ბანერები, როდესაც სოციალურ ქსელებში ვაწყდებით სათამაშო ბიზნესის, როგორც ფულის მარტივად მოგების შანსის აქტიურ პროპაგანდას…

აზარტული თამაში სახლიდან გაუსვლელადაც კი შესაძლებელია. არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული იმისგან, რომ მომავალში რომელიმე ჩვენი ოჯახის წევრი არ გახდება ამ პროპაგანდის მსხვერპლი, ჩვენი ქონება არ გადაიქცევა დამარცხებისთვის განწირულ სათამაშო „ფიშკებად“…  

დიახ, არის სახელმწიფო ინტერესები, ეკონომიკური მდგომარეობა, საბიუჯეტო შემოსავლები, მაგრამ რაღაც უნდა შეიცვალოს, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაციები… სახელმწიფომ უნდა მიიღოს მკაცრი ზომები… სხვაგვარად ქვეყანა დაემსგავსა „მბრუნავ ბორბალს“ წითელი და შავი ფერებით, სადაც ადამიანთა ყოფა გარდასახულია სათამაშო ქულებში, სადაც ადამიანი საკუთარი თავის მტერია, სადაც ყველა უიღბლოა, სადაც სხეულს აზარტი მართავს…  

და ბოლოს „მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის საკუთარ თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა“. – ონორე დე ბალზაკი…

ბავშვები კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
შსს-მ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ თამაშთან დაკავშირებით საქმე აღძრა

აი ასე, ფრანგი კლასიკოსის სიტყვებით დაასრულა სტუდენტმა საგამოცდო ნაშრომი… მივხვდი, რომ „ფიშკებით“ გართობა არც მისთვის იყო უცხო. გამანდო, რომ აზარტი ძვირად დაუჯდა, თუმცა „თამაში“ წარსულში დატოვა… 

სტატია უნივერსიტეტის საიმიჯო გაზეთში დაიბეჭდება…

დიდი დრო არ გასულა, როცა შევიტყვეე, რომ ონლაინ-თამაშების საერთაშორისო სერვერებზე წვდომა შესაძლოა აიკრძალოს. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფს კონცეფცია შეუმუშავებია. დოკუმენტის ძირითადი თეზისები ხალხის რჩეულებს, მთავრობის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გააცნო. 

პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი: „საერთაშორისო სერვერებზე ყოველწლიურად საქართველოდან დაახლოებით ორასი მილიონი ლარი გაედინება. დიახ, სათამაშო ბიზნესში 2012 წელთან შედარებით, ბრუნვა ათჯერაა გაზრდილი და ამ სექტორში გაცილებით მეტი ბრუნვაა, ვიდრე ენერგეტიკაში. ხუთასი მილიონი დოლარის დაკარგვა არავის არ სურს, მაგრამ ორი კაცი შოულობს ხუთასი მილიონს და დანარჩენი მოსახლეობა იღუპება…“

კაზინო - Sputnik საქართველო
აფბა ონლაინ-კაზინოს მოთამაშეთა მონაცემთა ბაზის შექმნის წინადადებით გამოდის

საერთაშორისო სერვერებზე წვდომის აკრძალვას თეორიულად დასაშვებად მიიჩნევს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. თუმცა იქვე დასძენს, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში თეორიული აკრძალვა შესაძლოა, ეფექტური არც იყოს.

საკამათო არ არის, რომ ყოველწლიურად საქართველოდან ორასი მილიონი ლარის გადინება სერიოზული ფინანსური დანაკარგია. ამ რესურსით შეიძლება ეკონომიკის სხვა დარგების განვითარება. ჩემეულ ხედვას იზიარებს ანალიტიკოსთა დიდი უმრავლესობა…

ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე: „ნებისმიერი ფულის ეფექტი რამდენიმე სახისაა. ერთ-ერთი ეფექტი ის არის, რომ სადაც არ უნდა დაიხარჯოს, ის ფული არ იკარგება და იმ დარგის განვითარებას ხმარდება, რა დარგშიც იხარჯება. თუმცა გამონაკლისია აზარტული თამაშების სისტემა, რომელსაც რეინვესტირება პრაქტიკულად არ სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმიანობა მინიმალურ დანახარჯებს და მაქსიმალურ მოგებას გულისხმობს. სწორედ აქედან გამომდინარე, თუ აზარტული თამაშები და განსაკუთრებით, ონლაინ-თამაშები შეიზღუდება, ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაზე სასარგებლო გავლენას მოახდენს. ამით გამოთავისუფლდება ფული და გააძლიერებს სხვა სამომხმარებლო დარგებს…“  

ონლაინ კაზინო,- ცდუნება და ოჯახური ტრაგედიები

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ნების არსებობის შემთხვევაში, უცხოური სერვერების შეზღუდვა ძალიან მარტივად შეიძლება. თუმცა, მარტო უცხოური კი არა, თავად ადგილობრივი სერვერები ქმნის დიდ პრობლემას. საინტერესოა, შიდა სერვერებზე რამდენი მიედინება… 

ექსპერტი დემურ გიორხელიძე: „აზარტული თამაშების ბრუნვა რამდენიმე მილიარდს აღწევს. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელია, რა ეფექტი შეიძლება მოჰყვეს შიდა კომპანიების შეზღუდვას, განსაკუთრებით, ონლაინ-თამაშების ბაზარზე. ამიტომ ამ მიმართულებით თუ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება. ეკონომიკა კარგავს ამ თანხას და ეს თანხა გადადის ცალკეული ბიზნესმენების ხელში. ბიზნესმენებს კი არ ესაჭიროებათ საკუთარ ბიზნესში რაიმე რეინვესტირება. შესაბამისად ეს ფული დაკარგულად შეიძლება ჩავთვალოთ, ეს ფული მიაქვთ და ინახავენ ჯიბეში…“

პარალელურად, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე წვდომის ასაკობრივი ცენზიც გაიზარდოს, რომელიც ამჟამად 18 წელია… თუმცა აზარტული თამაშების დღევანდელი სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ უმცროსი ასაკის ბავშვებსაც ძალზე ადვილად, ნებისმიერი თერთმეტნიშნა ციფრის კომბინაციით შეუძლიათ პროფილის რეგისტრაცია და აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. ასე, რომ ასაკობრივი ცენზის კონტროლი საკმაოდ რთულ ამოცანად რჩება… პარლამენტარები მსჯელობენ, ვნახოთ რა იქნება შედეგი… მანამდე ბორბალი ბრუნავს და „ფიშკებით თამაში“ გრძელდება… ფსონი თაობების სიცოცხლეა!…   


ყველა ახალი ამბავი
0