თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოთხშაბათს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ თამაშს გამოეხმაურა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა და რომლის ძირითად მომხმარებლებს და სამიზნეს არასრულწლოვანები წარმოადგენენ.
თამაში „ლურჯი ვეშაპი" გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც. თამაშის დასასრულს მოთამაშეს ე.წ. კურატორი აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მოზარდს თვითმკვლელობისკენ, რაც ხშირ შემთხვევაში მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, ან ფატალური შედეგითაც კი სრულდება.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, საქმე ასევე აღძრულია სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტ-სივრცეშიც იყოს ხელმისაწვდომი.
ამასთანავე უწყება მოუწოდებს ინტერნეტ-მომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.