თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი, სერ ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტებს 30 ივნისსა და 1 ივლისს გამართავს. ლეგენდარული მომღერლის და მისი ბენდის კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იუწყება, რომ თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი შაბათს, 30 ივნისს შესრულდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა 09:30 საათზე შესრულდება, ბათუმიდან კი თბილისის მიმართულებით 11:30 საათზე.
ელტონ ჯონის კონცერტისთვის დამატებითი რეისი დანიშნა ასევე „საქართველოს რკინიგზამ“. კერძოდ, 30 ივნისსა და 1 ივლისს Black Sea Arena-ზე მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება.
რა ტემპერატურაზე ინახავს ელტონ ჯონი სათვალეებს: რა მოითხოვა მომღერალმა საქართველოში>>>
შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით – 1 ივლისის კონცერტზე.
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Eastern Promotions და SOLO — „საქართველოს ბანკის" კლიენტთა პერსონალური მომსახურება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE-სა და SOLO ლაუნჯშია შესაძლებელი და მისი ფასი 150-დან 700 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება SOLO-ს მომხმარებლებს, მათთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება.
ელტონ ჯონი 2018 წლის სექტემბერში იწყებს ბოლო მსოფლიო ტურნეს — Elton Farewell Tour, რომელიც სამ წელს — 2021 წლამდე გასტანს. ამ პერიოდში იგი ყველა კონტინენტს ეწვევა და 300 კონცერტს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოა სწორედ ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ელტონ ჯონი 2018 წელს კონცერტებს გამართავს.