თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.
2017 წლის განმავლობაში საქართველოში 2,6 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 322 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
„საქართველოს მთავრობა არ ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებს, მაგალითად, რომ შეიქმნას ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი სპეციალური უწყება", – განაცხადა მესხიშვილმა.
ავარია რიკოთზე — დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია>>>
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს გზებზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება. 2018 წლის პირველი სამი თვის სტატისტიკა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს აჭარბებს. 2017 წლის პირველ კვარტალში 1 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთაგან 66 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
„კონკრეტულმა უწყებამ, კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ როგორც საგზაო პოლიტიკაზე, ისე გზებზე უსაფრთხოების პოლიტიკაზე. მათ უნდა შეიმუშაონ გრძელვადიანი ხედვა, გააანალიზონ პრობლემა, შეიმუშაონ პრევენციული ღონისძიებები, რომელთაც შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს", – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივის" თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ.
უკმაყოფილება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციის „ალიანსი საქართველოს უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმაც.
„ბოლო დროს ბევრს ვისმენთ ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ, რომლებშიც არა ერთი ან ორი, ათობით დაზარალებულია. საქმე 276-ე მუხლით მიდის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით შედეგი, თუ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს", – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენაა მიმართული. გასული წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ე.წ. ქულათა სისტემა – მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. ქულების ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობა გაუუქმდება.
გარდა ამისა, გასული წლის 1 ივლისიდან საქართველოს გზებზე ე.წ. ფარული პატრულირება დაინერგა. ფარული პატრულირება გულისხმობს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე პოლიციის სარგებლობაში არსებული შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე ავტომობილებით პატრულირებას, რომლებიც აღჭურვილი იქნება რადარით და ფოტო და ვიდეოგადაღების საშუალებებით.
გარდა ამისა, საქართველოში გასული წლის 1 ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდა, რომლებიც სამართალდარღვევას ავტომატურ რეჟიმში, ოპერატორის გარეშე აფიქსირებენ და ჯარიმას წერენ.