თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. მეტროს გაფიცული მემანქანეები თბილისის მერს კახა კალაძეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში სდებენ ბრალს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგური გაჩერებულია. გაფიცულები აქციას გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მართავენ. აქციის ორგანიზატორია მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირები „ერთობა 2013".
მერია მეტროს მემანქანეებს: ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება>>>
მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა და თბილისის მოსახლეობის მეტროს გარეშე დატოვება იგივეა, რაც საკუთარი თანამოქალაქეების შანტაჟი. მან მეტროს მემანქანეების ხელფასებიც გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ ის 1400-დან 1800 ლარის ფარგლებში მერყეობს.
მეტროს თანამშრომლები მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მათი რეალური ხელფასი იმაზე ნაკლებია, ვიდრე მერიის მიერ დასახელებული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ იქნებოდა.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ შანტაჟის ენით, ჩვენ ყოველ წუთს და ყოველ წამს მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დათმობაზეც წავიდეთ. არ ვცდილობთ საზოგადოებისთვის პრობლემების შექმნას… ჩვენი ხელფასი თურმე ყოფილა 1400-დან 1800 ლარამდე. მემანქანის ხელფასი არის 1093 ლარი პლუს დანამატი 55 ლარი მავნე პირობებისთვის და ღამის მოცდენის საათები 31.60 ლარი, რაც გამოდის ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარამდე", — აცხადებენ ისინი.
როგორც მეტროს მემანქანეები აღნიშნავენ, მათ არც მგზავრობის საფასურის გაზრდა მოუთხოვიათ.
„1800 ლარი რომ გვქონდეს ხელფასი და 45%-ით გაზრდა მოვითხოვოთ, მართლა გაგიჟდება ხალხი. ჩვენ ვითხოვთ 1500 ლარამდე ხელფასის ზრდას", – ამბობენ მემანქანეები და მზად არიან, დათანხმდნენ ანაზღაურების ეტაპობრივ გაზრდასაც.
მეტროს გაჩერების გამო თბილისში ავტობუსების დროებითი მარშრუტები დაინიშნა>>>
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.
თბილისი ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით კი, მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს როგორც კომპანიის შინაგანაწესი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირების „ერთობა 2013" წევრებს ერთი თვის წინ განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეიტანა.
მეტროს მემანქანეებმა საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, რადგან სასამართლომ მათ სამუშაო საათებში აუკრძალა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება გაიფიცონ არასამუშაო საათებში. თუმცა აქციის მონაწილეებმა ისიც განაცხადეს, რომ ისინი სამუშაო ადგილებზე გასვლას ვეღარ შეძლებდნენ, რაც გამოიწვევდა მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერებას.