მერია მეტროს მემანქანეებს: ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მეტროს გაფიცული მემანქანეების მიმართ სამართლებრივ და დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეტროს მემანქანეები დილიდან გაიფიცნენ. თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგური გაჩერებულია. გაფიცულები აქციას გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მართავენ. აქციის ორგანიზატორია მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირები „ერთობა 2013".

მეტროს მემანქანეების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს როგორც კომპანიის შინაგანაწესი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მემანქანეებს სასამართლოში დავის მიმდინარეობის პროცესში, სამუშაო საათებში შეუზღუდა გაფიცვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასამართლო გამოიტანდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მათ არ უნდა მიემართათ გაფიცვის უფლებისთვის… ამ ყველაფრის მიუხედავად ამ ადამიანებმა მაინც მიმართეს უკიდურეს ზომას, მოსახლეობის ინტერესების წინ საკუთარი ინტერესები დააყენეს. ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. იქნება ეს დისციპლინური პასუხიმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება, თუ სხვა პასუხისმგებლობები, ამაზე მოგვიანებით გაგცემთ პასუხს", – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: მეტროს სადგურები რომ არ მუშაობს, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი

თბილისის მეტროპოლიტენში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც, რომელმაც მეტროს მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა. მისი თქმით, ის არ დაუშვებს, რომ მეტროს მემანქანეებმა მოსახლეობის შანტაჟის გზას მიმართონ. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება, ამდენად, ისინი კანონს არღვევენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

მემანქანეებს გაფიცვის მოწყობა მაისის დასაწყისში სურდათ, თუმცა გაფიცვა მაშინ არ შედგა სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირების „ერთობა 2013" წევრებს ერთი თვის წინ განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოში "თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეიტანა.

მეტროს მემანქანეებმა საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, რადგან სასამართლომ მათ სამუშაო საათებში აუკრძალა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გაიფიცონ არასამუშაო საათებში. თუმცა აქციის მონაწილეებმა ისიც განაცხადეს, რომ ისინი სამუშაო ადგილებზე გასვლას ვეღარ შეძლებდნენ, რაც გამოიწვევდა მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერებას.

ყველა ახალი ამბავი
0