თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა და თბილისის მოსახლეობის მეტროს გარეშე დატოვება იგივეა, რაც საკუთარი თანამოქალაქეების შანტაჟი. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მეტროს მემანქანეები დილიდან გაიფიცნენ. თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგური უმოქმედოდაა. გაფიცულები აქციას გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მართავენ.
მათი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასების მომატება. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ დავუშვებ, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს შანტაჟისა და გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების გამო… დაუშვებელია შანტაჟის საფუძველზე მერიამ მიიღოს არასამართლიანი და უთანასწორო გადაწყვეტილებები. სხვა შემთხვევაში მე არ ვიქნები მართალი ბაგა-ბაღების პედაგოგების, სასწრაფო დახმარების ბრიგადების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისა თუ სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა წინაშე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თბილისსა და თბილისელებზე", — განაცხადა კალაძემ.
მერმა ბრიფინგზე წარმოადგინა მეტროს მემანქანეთა არსებული ხელფასები (1600-1800 ლარი). მისი თქმით, ეს ხელფასები ბევრად მეტია, ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის, მაშველის, მეხანძრის ხელფასი.
მერის თქმით, მოლაპარაკებებზე საუბარი იყო მემანქანეების ხელფასების 45%-იან ზრდაზე, რაც უნდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის გაძვირების ხარჯზე.
„მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ, რომ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მომატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე", — განაცხადა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება, ამდენად ისინი კანონს არღვევენ.
კალაძემ მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ დღევანდელი გაფიცვა პირდაპირ არის მიმართული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებისკენ. ასევე დასძინა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი, დამატებული რეზერვებით, უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. მან მოუწოდა მემანქანეებს, „დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, ნუ დაარღვევენ კანონს და ნუ დააყენებენ თავიანთ ინტერესებს მოქალაქეების ინტერესებზე და კანონზე მაღლა, არ დაუშვან, რომ მათმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დააზარალოს დედაქალაქი და დედაქალაქის მოსახლეობა“.