თბილისი, 9 მაისი – Sputnik. იზრდება იმ ტურისტთა რიცხვი, ვისაც სურს საქართველოს კულტურული და ღვინის ტურების ყიდვა. ამაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.
გასულ წელს ტურისტების რაოდენობამ, რომლებიც ქვეყანაში 24 და მეტი საათი იმყოფებოდნენ, 3 მილიონ 478,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემებზე 27,9%–ით მეტია.
გამოკითხვის შედეგებით, 2017 წელს გაიზარდა როგორც შიდა, ისე შემოსვლითი და გასვლითი ტურები, ასევე თავად ტურისტების რაოდენობა. ტურისტული კომპანიების 45,5%–მა აღნიშნა შიდა ტურების რაოდენობის ზრდა, ხოლო 50%–მა – შიდა ტურისტების რაოდენობის ზრდა.
გამოკითხული ტურისტული კომპანიების 62,1% აღნიშნავს შემოსვლითი ტურების ზრდას, ხოლო 63,6% – შემოსვლითი ტურისტების ზრდას. 65,4% ტურისტული კომპანიებისთვის გაიზარდა შემოსვლითი ტურები, ხოლო 66,7%–ისთვის – შემოსვლითი ტურისტების რაოდენობა.
ტურისტული კომპანიების უმეტესობის აზრით, შიდა ტურების უმრავლესობა განხორციელდა კახეთში, თბილისსა და მცხეთა–მთიანეთში, ხოლო შემოსვლითი ტურების – თბილისში, კახეთსა და აჭარაში.
შემოსვლითი ტურების ოპერატორებისთვის მიზნობრივი ბაზრები აღმოჩნდნენ რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი და გერმანია. გასვლითი ტურების – თურქეთი, ეგვიპტე, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი.
გამოკითხული ტურისტული კომპანიების უმრავლესობას აღნიშნა, რომ ყველაზე გაყიდვადი შიდა ტურები მოიცავდა თბილისს, მუზეუმებიდან – ეთნოგრაფიული მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან – ვარძია და დაცული ტერიტორიებიდან – მარტვილი.
ანალოგიური ადგილები დასახელდა შემოსვლითი ტურების ოპერატორების მხრიდანაც, გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა, რომელიც მოიცავდა სვეტიცხოველს, დაცული ტერიტორიებიდან – ბორჯომს. ხოლო თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილები იყო ძველი თბილისი, ნარიყალა და მთაწმინდა.
შემოსვლითი ტუროპერატორების თქმით, ყველაზე მოთხოვნადი ფრენებია მადრიდის, შანხაის, ტოკიოს, საუდის არაბეთის, ნიუ–იორკის, ტაშკენტის, რომის, ინდოეთის, სეულის მიმართულებები.
ასეთი მიმართულებები გასვლითი ტუროპერატორებისთვის არის პარიზი, რომი, ბარსელონა, მადრიდი, ბრიუსელი, ინდოეთი და ბანგკოკი. გასვლითი ტურისტული კომპანიები ასევე აღნშნავენ, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნაა საზღვაო და საექსკურსიო ტურებზე.
კვლევაში მონაწილეობდნენ საქართველოს დიდი ტურისტული კომპანიები. კვლევა ჩაატარა 15 უნივერსიტეტისა და პროფსასწავლებლის დაახლოებით 130–მა სტუდენტმა. გამოიკითხა 192 ტურისტული კომპანია, რომლებიც დაკავებული არიან როგორც შიდა, ისე შემოსვლითი და გასვლითი ტურებით.
ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ კვლევის პროცესში სტუდენტებმა მიიღეს გამოკითხვის ჩატარების გამოცდილება და გაიღრმავეს ცოდნა ტურისტულ სექტორში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ.
გარდა ამისა, კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდა განისაზღვროს მოგაურობების ძირითად ბაზრები, ყველაზე პოპულარული ადგილები საქართველოში და ტურების ტიპები.