ნუ იქნები სხვა, იყავი ის, ვინც ხარ!

© Photo: courtesy of Tamuna Merabishviliთამუნა მერაბიშვილი
თამუნა მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის“ ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამარ მერაბიშვილი.

მშობელს არ მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ და თავიდანვე მაძლევს მითითებას: „არ იყო საკუთარი თავი, იყავი სხვა ბავშვი“. ალბათ ბევრს ემახსოვრება ბავშვობიდან, თუ როგორ იხდიდნენ ბოდიშს მშობლები საკუთარი შვილის დაბნეულობის, სიჩუმის და სიმორცხვის გამო, ადარებდნენ სხვა ბავშვებს და ეუბნებოდნენ: „შენც რატომ არ შეგიძლია იმ მეზობლის, ან ნათესავის ბავშვივით აქტიური, ცოცხალი და სწრაფი იყო? ასეთი ნელი და მოსაწყენი როგორ ხარ?!.“ დედამ შეიძლება მუდმივად შეადაროს თავისი შვილი სხვა ბავშვებს: „პატარა საბა უკვე ორბორბლიან ველოსიპედს ატარებს, არადა ის ერთი წლით პატარაა შენსაზე“. დედას არ მოსწონს საკუთარი შვილი ისეთი, როგორიც არის, რადგან ის ინახავს სასურველი „იდეალური ბავშვის“ ხატს. მას „სწორი ბავშვი“ ასეთად წარმოუდგენია: ბავშვი უნდა იყოს აქტიური, კომუნიკაბელური, თამამი, სწრაფი, სხარტი, რომელიც თუნდაც ჩხუბით თავს დაიმკვიდრებს. ამიტომ ის დადებითად რეაგირებს ბავშვის მხოლოდ იმ ასპექტებზე, რომლებიც ამ ხატს ახსენებს, დანარჩენებს ან იგნორირებას უკეთებს ან ნეგატიურად რეაგირებს. მშობლების მსგავსი ქცევები თავად მათივე თვითშეფასებით არის განპირობებული. ისინი საკუთარი თავის მიღების მდგომარეობაში რომ არ არიან, ამიტომ ვერ იღებენ შვილს ისეთს, როგორიც ის არის.

ანგელოზის კვალი თოვლში, ბაკურიანი - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს იცხოვრო ისე, რომ დატოვო კვალი...

ექსტრავერსია-ინტროვერსიის ტიპოლოგია — პიროვნების ფსიქოლოგია

როგორც საზოგადოებაში ჩანს, სოციალურად მისაღები პიროვნული მახასიათებლების ვიწრო დიაპაზონია. ჩვენ გვასწავლიან, რომ წარმატებულობა ნიშნავს გახსნილობას, კომუნიკაბელურობას, რომ ბედნიერება ადამიანებთან იოლი კონტაქტების შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული.

ჩვენ საზოგადოებას მართავს „იდეალური ექსტრავერტის“ ღირებულებათა სისტემა. ექსტრავერსია განსაკუთრებით მომხიბვლელია, რომელსაც ყველა რატომღაც უნდა შეესაბამებოდეს. კვლევები ადასტურებს, რომ მოლაპარაკე ადამიანები ითვლებიან უფრო ჭკვიანებად, ლამაზებად, საინტერესოდ და მეგობართა შორის სასურველებად. ამასთან, საუბრის ტემპს და სიმაღლესაც აქვს მნიშვნელობა: ადამიანები, რომლებიც სწრაფად ლაპარაკობენ, ითვლებიან უფრო კომპეტენტურებად, ვიდრე ისინი, ვინც ლაპარაკობს ნელა. ჩვენი საზოგადოების ბევრი ინსტიტუტი ორიენტირებულია ხალხზე, რომლებიც სიამოვნებით მუშაობენ გუნდურ პროექტებზე. კვლევების თანახმად, პედაგოგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იდეალური მოსწავლე უნდა იყოს ექსტრავერტი. ინტროვერსიის მახასიათებლებია მგრძნობიარობა, სერიოზულობა და სიდინჯე, რომლებიც მეორე რიგის თვისებებად ითვლება.

ბედნიერება - Sputnik საქართველო
ადამიანები იმდენად არიან ბედნიერები, რამდენადაც ამას თავად გადაწყვეტენ

საზოგადოებისგან (პირველ რიგში, საკუთარი მშობლებისგან) უარყოფილი და გაკრიტიკებული ბავშვი შემდგომში სანამ მიხვდება ინტროვერტულობის ბუნებას, ის ფიქრობს და იფიქრებს, რომ მას რაღაც ისე ვერ აქვს, რაღაც სჭირს. ეს განცდები შესაძლოა მთელი ცხოვრება გაჰყვეს ადამიანს, გადაიზარდოს არასრულფასოვნების კომპლექსში და დანაშაულის განცდაში – რატომ არის ასეთი?! შესაძლოა სინდისმა შეაწუხოს მაშინ, როცა უარს იტყვის წვეულებაზე მიპატიჟებაზე იმის გამო, რომ მარტოს წიგნის წაკითხვა ურჩევნია. ხშირად ეკითხებიან, რატომ არის ასეთი ჩუმი, წყნარი. მასაც სჯერა, რომ „კარგი“, „სწორი“ მდგომარეობა ექსტრავერტული ექსპრესიაა და იტანჯება საკუთარი „არასრულყოფილი“ ბუნების გამო. ამერიკელი ფსიქოლოგი ოლპორტი წერდა: „თანამედროვე ცივილიზაცია, დინჯი და თავშეკავებული ადამიანიც კი უპირატესობას ანიჭებს ექსპრესიულ, აგრესიულ ადამიანებს“.

ექსტრავერსია vs ინტროვერსია

ინტროვერტები უპირატესობას ანიჭებენ თეორიულ და მეცნიერულ საქმიანობას. მეტი წარმატება აქვთ ისეთ საქმეში, რომელიც დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრაციასთან, დაკვირვებასთან და ინტელექტუალურ მზადყოფნასთან, მათთვის სტრატეგიული აზროვნებაა დამახასიათებელი. ექსტრავერტები კი ისეთ საქმიანობას ირჩევენ, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანთა ურთიერთობებთან. მათ ბევრად რისკიანი და სიახლეებით სავსე სამსახური ურჩევნიათ. ექსტრავერტები მეტ პაუზას აკეთებენ მუშაობის პროცესში, რათა ისაუბრონ და ყავა დალიონ, ვიდრე ინტროვერტები.

ქალი მზით განათებულ მინდორში - Sputnik საქართველო
მადლიერება – კეთილი ჯადოქარი, რომელიც ბევრს აკეთებს

ექსტრავერტები სქესობრივ ცხოვრებას იწყებენ უფრო ადრეულ ასაკში და ხშირად იცვლიან პარტნიორებს, ვიდრე ინტროვერტები. ოჯახურ ურთიერთობებშიც ინტროვერტები უფრო თბილები არიან პარტნიორის მიმართ და მეტად ენდობიან მათ, ვიდრე ექსტრავერტები. ასევე თავადაც მეტად იმსახურებენ ადამიანთა ნდობას.
სამსახურის შეცვლის, სიახლის ძიების, ოჯახის დანგრევის და ღალატის ალბათობა ინტროვერტებთან, ექსტრავერტებისგან განსხვავებით, მცირეა, ინტროვერტები უფრო სანდო და გამგებიანი მეგობრები არიან. ინტროვერტებს ურჩევნიათ წყნარად დალიონ ღვინო ცალკე ან ახლო მეგობრებთან, წაიკითხონ წიგნი ან კროსვორდი შეავსონ. ექსტრავერტები კი სულ მუდამ სიხარულით ურთიერთობენ გარემოსთან, იცნობენ ახალ ადამიანებს, სრიალებენ თხილამურებზე ან ხტიან ენერგიულ მუსიკაზე.

ექსტრავერტები სწრაფადვე იწყებენ დავალების შესრულებას. ისინი სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, ყურადღებას ბევრ დავალებაზე ანაწილებენ. ინტროვერტები მუშაობენ ბევრად ნელა, თუმცა, საფუძვლიანად. მათთვის უმჯობესია კონცენტრირება მოახდინონ ერთ დავალებაზე.

ნონა ხიდეშელი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი: ნუ დარბიხარ, ადამიანო... გაჩერდი!

ექსტრავერტებისთვის არ არის რთული გამოაცოცხლონ საზოგადოება. ისინი თვითდარწმუნებულები ჩანან, უფრო დომინანტურები არიან. ექსტრავერტები ფიქრობენ ხმამაღლა, უპირატესობას ანიჭებენ ლაპარაკს და არა მოსმენას, ხშირად ისეთ რეპლიკებსაც ისვრიან, რომელთა წარმოთქმასაც არ ჰქონდა აზრი. კონფლიქტებს უკეთ უმკლავდებიან, თუმცა მარტოობას — ვერა. ინტროვერტები თავიანთ სოციალურ ენერგიას უპირატესად ხარჯავენ ახლობელ მეგობრებზე, კოლეგებსა და ნათესავებზე. ფიქრობენ, ვიდრე პირს გააღებენ და ხშირად უკეთესად გამოთქვამენ საკუთარ აზრს წერილით, ვიდრე ხმამაღლა. სიამოვნებით განიხილავენ ღრმა, საჭირბოროტო თემებს.

ვინ ვარ მე და ვინ ხარ შენ?

ბესტსელერის „ჩუმად: ინტროვერტების ძალა სამყაროში, რომელსაც გაჩუმება არ შეუძლია" ავტორი სიუზან კეინი გვითვლის იმ მნიშვნელოვან შედევრებს, რაც ინტროვერტების ხელითაა შექმნილი. „ვთქვათ, ევოლუციის თეორია, ვან გოგის „მზესუმზირები“ და პერსონალური კომპიუტერები შეიქმნა მშვიდი, ჩუმი, მოაზროვნე ადამიანებისგან, რომლებიც მიჰყვებიან თავიანთ შინაგან რიტმს. ინტროვერტების გარეშე სამყაროს არ ექნებოდა: ისააკ ნიუტონის „გრავიტაციის თეორია“, ალბერტ აინშტაინის „ფარდობითობის თეორია“, შოპენის მუსიკა, სტივენ სპილბერგის ფილმები, სერგეი ბრინის და ლარი პეიჯის Google, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“ და ა.შ.“ ინტროვერტები არიან ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ინტროვერტები იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე და ა.შ.

ქალი და სამყარო - Sputnik საქართველო
მოკვდე რაიმეს გამო – იოლია, იცოცხლო – რთული

ინტროვერტებისა და ექსტრავერტებისთვის თავისებური უნარ-შესაძლებლობები და თვისებებია დამახასიათებელი, ორივეს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ამიტომ საზოგადოებაში ორივე მათგანის შესაძლებლობები და მახასიათებლები თავისი არსით უნდა იქნას მიღებული, გათავისებული და გამოყენებული. საზოგადოების ძლიერება სხვადასხვა ადამიანთა განსხვავებულ შესაძლებლობებშია.

„შეიცან თავი შენი“, იფიქრე საკუთარ აზრებზე, ბუნებაზე, სურვილებზე, „ითანამშრომლე“ საკუთარ თავთან, გაიცანი ის, მიჰყევი რეფლექსიის პროცესს, საკუთარი თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის იყავი ის, ვინც სინამდვილეში ხარ!

ყველა ახალი ამბავი
0