ტანძიის მოსახლეობა RMG Gold-ის წინააღმდეგ: პროტესტის 21-ე დღე

© Flickr / Marco Fieberბოლნისის სიონი
ბოლნისის სიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„არემჯის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 2014 წელსაც მიმდინარეობდა, როდესაც კომპანიამ საყდრისის ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის მოსახლეობა 21-ე დღეა კომპანია „არემჯი გოლდის“ (RMG Gold) მიერ ოქროს მომპოვებელი ღია კარიერის მოწყობასა და გზის მშენებლობას აპროტესტებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კომპანია „არემჯი გოლდი“  სოფელ ტანძიასთან, ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი ღია კარიერის მოწყობას თეთრიწყაროს პროექტის ფარგლებში გეგმავს. ადგილზე მოპოვებულ წიაღისეულს, ამჟამად მშენებარე გზით, საყდრისის ტერიტორიაზე მოწყობილ სამრეწველო მოედანზე გადასამუშავებლად გადაიტანენ. კომპანიის განცხადებით, მანამდე სამრეწველო ობიექტის მშენებლობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იგეგმებოდა, თუმცა დამატებითი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, პროექტი შეცვალეს.

სხვადასხვა ნომინალის ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
არა აქციებით, არამედ ფულით - ოპოზიციამ ბრძოლის ახალ მეთოდს მიაგნო

სამი  კვირაა, სოფლის მოსახლეობა არასამთავროებთან ერთად აქციებს მართავს. ადგილობრივებს ბნელი ხევის მიმართულებით სამანქანო გზა გადაკეტილი აქვთ და კომპანიის კუთვნილ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეების განცხადებით,  ბნელ ხევში მასობრივად იჩეხება ხე-ტყე, ზიანი ადგება ეკოლოგიას, მომავალში კი ღია კარიერის წესით მადნეულის მოპოვება მათ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე დააყენებს.

ტანძიის მოსახლეობა დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბა. მათ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მიმართეს და ბნელ ხევში დაწყებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს.

„ყველას მივმართავთ თხოვნით, სამი კვირაა მთელი სოფლის მოსახლეობა დღე და ღამე ფეხზე ვდგავართ ჩვენი სოფლის გადარჩენისთვის, ბუნების გადარჩენისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის. ერთხელ უკვე ვართ ეკომიგრატები და მეორედ „არემჯის“ მიერ ვხდებით დევნილები საქართველოში. სად წავიდეთ, რას მივმართოთ — აღარ ვიცით?! მოვიდნენ და მოგვხედონ. არ გვაქვს ინფორმაცია, რას გვიპირებენ. გვაინტერესებს ჩვენი ბედი, შვილების და მომავლის ბედი. ვთხოვთ მთავრობას, მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა გველოდება, რა ზიანის მომტანია ეს სამუშაოები. უმორჩილესად ვთხოვთ მათ, შეგვხვდნენ მოსახლეობას, გაგვარკვიონ და მისცენ მიმართულება ჩვენს სამკვირიან ფეხზე დგომას“, — ნათქვამია სოფელ ტანძიის მოსახლეობის მიმართვაში.

ახალი შუამთის მონასტერი - Sputnik საქართველო
ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

როგორც „არემჯი გოლდში“ აცხადებენ, კომპანია სამუშაოებს კანონის ფარგლებში ახორციელებს და ყველა შესაბამისი ნებართვა აქვს.

„კომპანია სრული პასუხიმგებლობით აცხადებს, რომ არც ახლა და არც მომავალში არანაირი საფრთხე არ შეექმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ფიტარეთის მონასტერს და ხულუტის ციხეს (ფიტარეთის მონასტერი საბადოდან 2.5 კილომეტრით, ხოლო ხულუტის ციხე 1.3 კილომეტრით არის დაშორებული). კომპანიის მიერ უკვე ჩატარებულია არა ერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ დაგეგმილი სამუშაოები არ მოახდენს არანაირ უარყოფით ზეგავლენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე“, — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„არემჯის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 2014 წელსაც მიმდინარეობდა, როდესაც კომპანიამ საყდრისის ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო. რამდენიმე თვის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტების და ძეგლთა დაცვის სპეციალისტების პროტესტის მიუხედავად, ისე, რომ არც ძეგლი იყო შესწავლილი და არც სასამართლოში მიმდინარე დავა იყო დასრულებული, კომპანიამ მაღარო ააფეთქა და იქ ოქროს მოპოვება დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0