თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა მარტში ხელისუფლების მათთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია მოსინჯეს — მათ თავიანთი პოზიციების დაცვა არა საპროტესტო აქციებით, არამედ ფულით დაიწყეს.
ამ ოპოზიციურ პარტიებს შორის არიან როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიები, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის", „ახალი საქართველო", „თავისუფალი საქართველო" და სხვა.
პირველი ნაბიჯი იყო აუქციონზე 16 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის ყიდვა. ოპოზიციონერებმა მიწის ნაკვეთი Rich Metals Group – RMG Gold-ის შვილობილ კომპანიას „წაართვეს". აუქციონში 14 პარტიის სახელით მონაწილეობდა „ახალი საქართველოს" ლიდერი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძე.
კომპანია RMG Gold ქვემო ქართლში სპილენძისა და ოქროს მოპოვება-დამუშავებით არის დაკავებული. კომპანია სკანდალურად ცნობილი გახდა 2014 წელს, როდესაც საყდრისის უძველეს ოქროს საბადოზე აფეთქება მოახდინა. ამან მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ახლა ვაშაძემ და მისმა თანამოაზრეებმა მიწის ამ ნაკვეთისთვის სახელმწიფოს 6 მილიონი ლარი უნდა გადაუხადონ. ამისთვის ოპოზიციამ შექმნა "დმანისის გადარჩენის ფონდი", სადაც თანხის გადარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ერთ დღეში კომპანიამ 1 ათასზე მეტი ლარის შეგროვება შეძლო.
ხელისუფლების ოპონენტები ამაზე არ შეჩერებულან და მონაწილეობა მიიღეს ერთ ელექტრონულ აუქციონზე, მაგრამ უკვე „დმანისის გადარჩენის კომიტეტის" სახით.
ამჯერად ოპოზიციონერებმა აჭარის მწვანე კონცხზე 100-წლოვანი ევკალიპტის ხე 20 ათას ლარზე მეტ ფასად შეიძინეს, რათა ის თავის დენდროლოგიურ პარკში (ურეკში) არ წაეღო ბიძინა ივანიშვილს.
ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე უკვე მესამე წელია, რაც ლაპარაკობენ. თითოეული მრავალწლოვანი ხის იქ გადატანას ოპოზიციისა და ხანდახან ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი სდევს თან. ისინი ივანიშვილს ბუნების განადგურებაში ადანაშაულებენ.
საქართველოში ელექტრონულ აუქციონში ნმონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა დარეგისტრირება ვებ-გვერდზე https://www.eauction.ge/, შემდეგ უკვე ფსონს ჩამოდიან და ვაჭრობაში მონაწილეობენ. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პროდუქცია მარავლფეროვანია — მიწის ნაკვეთებით დაწყებული ყოფითი წვრილმანებითა და პარფიუმერიით დასრულებული.