„ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" - სამშვიდობო ინიციატივას მხარს გაეროც უჭერს

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsგაერო
გაერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ" მხარს გაეროშიც უჭერენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 გაეროში გერმანიის ელჩის, ჰანს-იოაკიმ დაერის განცხადებაზე დაყრდნობით.

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
ევროკავშირში კვირიკაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც 4 აპრილს გახმოვანდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ჰანს-იოაკიმ დაერის განცხადებით, ინიციატივა დადებითია და ის ხელს შეუწყობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნას.

„მივესალმებით თქვენს მზადყოფნას პრაგმატული ნაბიჯების გადასადგმელად, რათა მოახდინოთ ხალხს შორის მჭიდრო კონტაქტების გამარტივება, სამომავლოდ კონფლიქტის მოგვარებისთვის,"- განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანია საქართველოს მხარს დაუჭერს სამშვიდობო მიზნების განხორციელებაში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინმა ერთ–ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით.

საქართველოს მთავრობის ინციატივას მხარი დაუჭირეს ასევე დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ — ახალ სამშვიდობო ინიციატივას დღეს განიხილავენ>>>

სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

პირველი — გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. მეორე — ეს არის ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მესამე ინიციატივა უკავშირდება ისეთი მექანიზმის შექმნას, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0