ევროკავშირში კვირიკაშვილის ინიციატივას მხარი დაუჭირეს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakovფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შერიგების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელთა მიზანს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ დაუჭირა მხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ახალ ინიციატივას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას უკავშირდება.

გიორგი კვირიკაშვილის ახალი სამშვიდობო ინიციატივა  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მან ოთხშაბათს გაახმოვანა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით. ეს წინადადებები სრულად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს“, — აღნიშნულია მოგერინის პრესმდივნის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ": პრემიერის ინიციატივა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის

ევროკავშირი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომელთა მიზანი ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა და ინტერესით ელოდება საქართველოს პარლამენტში მოსალოდნელ დისკუსიებს და პროცესის საბოლოო შედეგს, აღნიშნულია განცხადებაში.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ მტკიცე ძალისხმევას“, — ნათქვამია განცხადებაში.

სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებლად მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

პირველი — გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. მეორე — ეს არის ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მესამე ინიციატივა უკავშირდება ისეთი მექანიზმის შექმნას, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს განვითარების შედეგად, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.


ყველა ახალი ამბავი
0