თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველომ სამხედრო სიმძლავრის რეიტინგში Global Firepower Index 2018 მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 82–ე ადგილი ზედიზედ მეორედ დაიკავა.
კვლევის თანახმად, საქართველოს აქვს 44 ერთეული სატრანსპორტო ავიაცია, 13 სასწავლო თვითმფრინავი და 9 მოიერიშე ვერტმფრენი. ქვეყნის შეიარაღებაშია 220 ტანკი, 1,9 ათასზე მეტი ჯავშანმანქანა, 118 ერთეული თვითმავალი არტილერია, 230 ერთეული ბუქსირებადი არტილერია და 256 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხება 35,8 ათასი სამხერო მოსამსახურე. აქედან 30,3 ათასი აქტიურ სამსახურშია, ხოლო 5,5 ათასი – რეზერვში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზღვაში გასასვლელი აქვს, ფლოტი არ არის განვითარებული. ქვეყანას აქვს ოთხი პატრულირებისთვის განკუთვნილი საზღვაო ხომალდი, რომლებიც შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას ეკუთვნის.
Global Firepower Index–ის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ომის წარმოების აუცილებელი კომპონენტია ბუნებრივი რესურსები, კერძოდ – საწვავი. რეიტინგის თანახმად, საქართველო დღეში აწარმოებს 400 ბარელ ნავთობს, ხოლო გამოიყენებს – 17 ათას ბარელს. რაც შეეხება ნავთობის მარაგს, დადასტურებული მონაცემებით, საქართველოში მისი რაოდენობაა 35 მილიონი ბარელი.
იქვე აღნიშნულია, რომ საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ლოგისტიკას.
საქართველოში დაახლოებით 2 მილიონი შრომისუნარიანი მცხოვრებია. აქვს ორი ძირითადი პორტი და 22 ქმედუნარიანი აეროპორტი. სახმელეთო გზების საერთო სიგრძეა 20 ათას კილომეტრზე მეტი, ხოლო რკინიგზის — 1,6 ათას კილომეტრზე მეტი.
თავდაცვის ბიუჯეტი შეადგენს 380 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო საგარეო ვალი 14,1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მსყიდველობითი უნარის პარიტეტია 39,3 მლრდ დოლარი, ოქროსა და ვალუტის რეზერვის – დაახლხოებით 3 მლრდ დოლარი.
რაც შეეხება უახლოეს მეზობლებს, თავისი მაჩვენებლებით საქართველომ გაუსწრო სომხეთს, რომელმაც რეიტინგში 84–ე ადგილი დაიკავა. საქართველოსთან შედარებით, სომხეთმა გასული წლის მაჩვენებლები 9 საფეხურით გააუმჯობესა.
სამხრეთ კავკასიაში სამხედრო სიმძლავრით აზერბაიჯანი ლიდერობს, ის 53–ე ადგილზე განთავსდა. აზერბაიჯანმაც ასევე გააუმჯობესა შარშანდელი მაჩვენებლები – 2017 წელს ის 58–ე ადგილზე იყო.
თურქეთისა და რუსეთის ჯარები უძლიერესთა ათეულში არიან. რუსეთი მეორე ადგილზეა, ხოლო თურქეთი – მეცხრეზე. მსოფლიოში უძლიერესი არმია ჰყავს აშშ–ს, ხოლო ყველაზე სუსტი – ბუტანს.
Global Firepower Index — სამხედრო სიმძლავრის გლობალური ინდექსი — ესაა რეიტინგი, რომელიც აფასებს მსოფლიოს სახელმწიფოების ჯარებსა და ფაქტორებს, რომლებიც ქვეყნის სამხედრო სიმძლავრეზე პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს.
ინდექსი დგინდება რთული მეთოდიკის საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებულია 50-ზე მეტი ფაქტორი. კერძოდ: არმიის რიცხოვნობა, ტანკების, გემების, თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, სამხედრო სფეროს დაფინანსების დონე, ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომობა ნავთობპროდუქტებისადმი და სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ არმიის ბრძოლისუნარიანობაზე.