თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველო კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით 113 ქვეყანას შორის 38-ე ადგილს იკავებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საერთაშორისო ორგანიზაცია World Justice Project (WJP) კვლევაზე დაყრდნობით.
ანგარიშის მიხედვით, კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, 2017-2018 წლებში საქართველოს პოზიცია ოთხი პუნქტით გაუარესდა და ქვეყანამ 2016 წლის 34-ე ადგილიდან 38-ზე გადაინაცვლა. კვლევის თანახმად, კანონის უზენაესობის მიხედვით, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
კანონის უზენაესობის ინდექსის შედგენისას რვა ძირითადი კომპონენტია გათვალისწინებული: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის დონე, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, ნორმატიული აქტების გამოყენება, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართლის სამართალი.
საქართველო ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის მიხედვით 52-ე ადგილს იკავებს, კორუფციის დონის ინდექსში კი 23-ე პოზიციაზეა, ღია მმართველობის მიხედვით 42-ზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ინდექსის მიხედვით ქვეყანა 46-ე ადგილს იკავებს, წესრიგი და უსაფრთხოების ინდექსის – 30-ე, ნორმატიული აქტების გამოყენების ინდექსის – 32-ე, სამოქალაქო სამართალის ინდექსის – 55-ე და სისხლის სამართლის სამართალის ინდექსის – 47-ე.
რეიტინგში პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი და ნიდერლანდები. სიაში ბოლო 113-ე ადგილს ვენესუელა იკავებს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 89-ე პოზიციაზეა, თურექთი — 101-ზე. სომხეთი და აზერბაიჯანი რეიტინგში არ შევიდა.