თბილისი, 29 მარტი — Sputnik. 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 855 პირია დაკავებული, მსხვერპლთა დაცვის მიზნით კი შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართაა გამოცემული, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ოჯახური დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი — მცხეთა-მთიანეთში.
„თბილისში დაკავებულ იქნა 424 პირი, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში — 78, ქვემო ქართლში — 76, კახეთში — 68, შიდა ქართლში — 66, აჭარაში — 40, სამცხე-ჯავახეთში — 39, სამეგრელოში — 25, გურიაში — 25, მცხეთა-მთიანეთში — 14",- აღნიშნულია განცხადებაში.
კონკრეტულ დანაშაულებებს შორის ოჯახში ძალადობის მუხლი სჭარბობს, რომლითაც 585 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება. 206 შემთხვევაში საქმე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობით აღიძრა, აგრეთვე ბრალდებულთა დიდი ნაწილი იძულების, მუქარის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული.
დაკავებულებს ასევე ბრალად ედებათ ისეთი დანაშაული, როგორიცაა ოჯახის წევრის მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა, ოჯახის წევრის მიმართ ადევნება, ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდება და ა.შ.
სამართალდამცავებმა ბოლო სამ თვეში, მსხვერპლთა დაცვის მიზნით 1402 პირის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერი მოძალადეებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს და უკრძალავს მსხვერპლთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციას.
უწყების ცნობით, წინა წელთან შედარებით გაზრდილია პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი. თუ 2017 წლის პირველ სამ თვეში ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე დაიწყო გამოძიება, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ — 1 179 შეტყობინებაზე აღიძრა საქმე.
შსს ძალადობის ყველა მსხვერპლს, ასევე ძალადობის შესახებ ინფორმირებულ პირებს მოუწოდებს, დანაშაულის აღკვეთის მიზნით ითანამშრომლონ პოლიციასთან.
2017 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის 2,1 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა.
2018 წლის მარტში საქართველო პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მალე გაამკაცრებენ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
2018 წლის იანვრის ბოლოს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მოვალეობებშიც შედის ოჯახურ, ქალის მიმართ ძალადობასთან, ტრეფიკინგთან, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებული საქმისწარმოების მონიტორინგი.
გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციის შესახებ" („სტამბულის კონვენცია"). დოკუმენტი ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს, რომლებიც მიმართულია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ასევე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას.