რა სიურპიზს უმზადებს მარგველაშვილი პარლამენტს

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტში
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ცნობილია, კონსტიტუციის თანახმად, ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში პრეზიდენტი მიდის პარლამენტში და მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილი ამ წესს მკაცრად იცავდა და უმრავლესობასთან არც თუ დიდი სიამტკბილობის მიუხედავად ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე იწყებოდა მოლაპარაკებები პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით. წელს კი პრეზიდენტი მარგველაშვილი არ ჩქარობს და უცნობია, როდის და რა ფორმით გამოვა პარლამენტში, რადგან კარს უკვე აპრილი მოგვადგა, აპრილის ბოლოს კი ხონისა და ვანის გამოკლებულ საარჩევნო ოლქში არჩევნებია…

აპრილ-მაისის განმავლობაში საზოგადოება სამთავრობო წრეებიდან პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებას და სამთავრობო ცვლილებებსაც ელოდება.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტელიტის საპრეზიდენტო ვნებანი

რა გეგმები აქვს მარგველაშვილს, ამაზე რაიმის თქმა ჯერჯერობით ძალიან ძნელია. სავარაუდოდ, ის სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად ელოდება, რათა ეს მომენტი ხელსაყრელად გამოიყენოს. თუკი კვირიკაშვილი ნამდვილად დასახელდა უმრავლესობის საპრეზიდენტო კანდიდატად და ეს შესაძლებლობა დღეს ყველაზე რეალური ჩანს, ახალი მთავრობა პარლამენტს ისევ მარგველაშვილმა უნდა წარუდგინოს. საინტერესოა ისიც, რომ პრეზიდენტი ჯერჯერობით ამ ამხელს, აპირებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მისი ბოლო ინტერვიუ „TV პირველში" ნინო ჟიჟილაშვილთან ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი იყო იმით, რომ მარგველაშვილმა მთავრობისა და უმრავლეობის კრიტიკისაგან თავი შეიკავა და ეს იმით ახსნა, რომ მას ახლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღების საკითხი აქვს აშშ-ში დაყენებული, ამ მიზნის მისაღწევად კი მას მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი ძალისხმევა სჭირდება და მიზანი იმდენად დიადი და ნათელია, რომ ამას ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაზე ვერ გაცვლის. არგუმენტი დამაჯერებელია, თუმცა პრეზიდენტის გარემოცვიდან გამოსული ინფორმაციით, ის მაინც ეცდება, საპარლამენტო ტრიბუნა მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის მოახლოებას დაამთხვიოს, ასევე მისი გამოსვლის დროს უკვე გარკვეული იყოს „ქართული ოცნების“ პარტიული გეგმები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
მამათა და შვილთა ბრძოლა საქართველოს პარლამენტში და გენდერული კვოტირების კანონპროექტი

ექსპერტი არჩილ გამზარდია თვლის, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება, საინტერესო და ეპატაჟური იყოს მისი პარლამენტში გამოსვლის დროს, ეს იქნება იმის გაცხადება, აყენებს თუ არა თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში.

არჩილ გამზარდია: „ალბათ, რაღაც მომენტში ის ფიქრობს, რომ ეს გამოსვლა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ისიც შესაძლებელია, რომ რაღაც საკითხებზე ჯერ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული. მაინც მგონია, რომ გამოსვლის გადადება მაინც უფრო სტრატეგიული მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული, ვიდრე ტექნიკურით. ამ ამბის ერთადერთი ინტრიგა შეიძლება, ის იყოს, დააყენებს თუ არა ის თავის კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში“.

„ლიდერთა საბჭოს“ ერთ-ერთ ფიგურას, გუბაზ სანიკიძეს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა გლობალური გამოწვევების წინაშე დგას და ამ ფონზე ექვსი წელია, იმაზე მსჯელობა, როდის და რატომ მივა ან არ მივა პრეზიდენტი პარლამენტში, მისთვის საინტერესო არაა.

„ან მისი მისვლით რა იცვლება, ან მიუსვლელობით. უამრავი საგარეო და საშინაო გამოწვევის წინაშე დგას საქართველო და ამ პრობლემებზე მუშაობაა საჭირო და არა — ეპატაჟური გამოსვლები“, — მიაჩნია სანიკიძეს.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
„ვის უნდა 20 ათასი" ანუ საპრეზიდენტო მარათონი

თავად გამოსვლის თემა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტის მიერ რეგლამენტის დარღვევის გამო უკმაყოფილოება გამოთქვა, მაშინ, როცა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აქ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ამ გამოსვლის მომზადებისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

ასეა თუ ისე, პრეზიდენტიც, მთავრობაც და პარლამენტიც ისეა გარინდული, როგორც ბუნება ქარიშხლის წინ. სარწმუნო წყაროები ამბობენ, რომ აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში არა დრამატულ, მაგრამ მნიშვნელოვან სამთავრობო ცვლილებებს უნდა ველოდოთ. თუმცა საბოლოო ჯამში მთავარია, ეს ცვლილებები როგორ აისახება სახელმწიფოსა და ხალხის ცხოვრებაზე. სხვა შემთხვევაში როგორც ამბობენ — შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0