მართალი იყო ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ ხმალაძეზე მოწესრიგებულ და კონსტიტუციის ღრმად მცოდნე ადამიანს სად ნახავდა, მაგრამ როგორც კი მისი სახელი და გვარი გაჟღერდა, ერთ თვეში ლამის იყო, მისი სიძე დაიჭირეს სოფლის მეურნეობის პროექტების გამო. ასე რომ, წინასწარ ადამიანის ამ პოსტზე დასახელება უმრავლესობის მხრიდან იმას ნიშნავს, რომ მას გიენები მსწრაფლ დაესევიან და თუ თავად ვერ უპოვნიან კომპრომატს, ოჯახის წევრებზე გადაინაცვლებენ.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 7 თვეღა დარჩა. აქედან ბოლო ორი თვე უკვე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით დანიშნული წინასაარჩევნო პერიოდია, რომელიც გარკვეულ აკრძალვებს უწესებს საჯარო მოხელეებს და საპრეზიდენტო კანდიდატებს. თუ ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ გაერთიანების შემთხვევაში მათი გამარჯვების და ოცნების წელში გადატეხვის შანსი სრულიად რეალურია, მეორე ნაწილი მეორე ადგილისა და 2020 წლის არჩევნებში ასევე მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებისათვის იბრძვის. ასეთ ძალად ოპოზიცია უკვე ცალსახად ასახელებს „ევროპელ დემოკრატებს“.
გიგი უგულავას ვანისა და ხონის მაჟორიტარობის პერსპექტივამ და იქ გაჩაღებულმა ხვნა-თესვამ შედეგი ამ გაზაფხულზევე უნდა გამოიღოს, თუმცა ამ რაიონზე გარიგება უკვე კატეგორიულად გამორიცხულია. გივი ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი მეგობარია და დაუჯერებელია, რომ „ოცნება“ მის საწინააღმდეგოდ ვინმეს გაურიგდეს, თუმცა მეორე ტურის ალბათობა რომ არსებობს, ეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ აღიარა. სხვათა შორის, ჭიჭინაძის დასახელება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო სიტყვას ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ის კი არადა, ის ოცნების ოფისში გამართულ ბოლო შეხვედრაზეც ყოფილა და საკმაოდ მკაცრად დაუტუქსავს მთავრობა.
თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ევროპელი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება, რომელიც ასევე უკვე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. მეორე ადგილი ახლა ამ პოლიტიკური ძალისათვის მეტად ხელსაყრელი ვითარებაა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ბიძინა ივანიშვილი ან გიორგი მარგველაშვილი დაითანხმეს.
ბიძინა ივანიშვილს ამერიკელებისათვის უკვე უთქვამს უარი. მართლაც ძნელია, როცა ქვეყნის ლიდერსა და მთავარსარდალს ხალხი იდეულ წინამძღოლად კი არა, მდიდარ სამარიტელად აღიქვამს, რომელმაც მათი ფინანსური პრობლემები უნდა გადაჭრას. ამ მხრივ მისი საქველმოქმედო საქმიანობა სრულიად საკმარისია.
რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მასზე დასავლეთი, როგორც ჩანს, სერიოზულ იმედებს ამყარებს. ბევრი რამ ითქვა და დაიწერა ამ დღეებში მის ამერიკულ ვიზიტზე, მაგრამ ამ მხრივ უფრო მნიშვნელოვანი ის კულუარული ინფორმაციებია, რომელიც მარგველაშვილის ვიზიტის დროს გაჟღერდებოდა თეთრ სახლში. ოცნებას დასავლეთის მთავარ მოკავშირედ დღემდე საქართველოში ამერიკაში განათლებამიღებული კვირიკაშვილი მიაჩნდა, მაგრამ მისი მიმართვის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიმართ, სავარაუდოდ, დასავლეთი მისით იმედგაცრუებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს იმხელა ავტორიტეტი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ერთი გარდაცვლილი გმირის ცხედარი დააბრუნებინოს მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებას, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ღია და არც დახურული დიპლომატიური გზებით ეს არ მოხერხდა.
თუ რატომ და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს სხვა ანალიზის საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია პრემიერს პარლამენტში იბარებს, პრესა კი მის გადადგომას წინასწარმეტყველებს. სხვათა შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში 15 პრემიერიდან 11 გადადგა, ასე რომ, ეს არც კვირიკაშვილის შემთხვევაში იქნება დიდი სენსაცია, მაგრამ მთავარია, რა შედეგებს მოგვიტანს ადამიანის სახელმწიფო პოსტზე ყოფნა ან მისი გადადგომა.
მედია-საშუალებებმა უკვა დაიწყეს კანდიდატების შანსების გარკვევა. ყველა პასუხისმგებელი პირი აცხადებს, რომ ოცნებას ჯერ კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. თეა წულუკინის კანდიდატურის შემოდგება მედიისათვის, როგორც ჩანს, მისმა მტრებმა მოახერხეს. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი დარწმუნებულია, რომ წულუკიანზე მეტ ხმებს არჩევნებში ენძელა მაჭავარიანი მიიღებს. მართლაც, ენძელას არ ჰყავს ბევრი მტერი. ყოველ შემთხვევაში, იუსტიციის უზარმაზარი სტრუქტურიდან განთავისუფლებული მაინც.
ძალიან აშკარა ფრანგულ-რუსული ხაზი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი. მან სააკაშვილისგან გამიჯვნის შემდეგ საპარლამენტო ბარიერის გადალახვაც კი ვერ შესძლო დამოუკიდებლად. ძნელი დასაჯერებელია, რომ ივანიშვილს ახლა საკუთარი ავტორიტეტის ხარჯზე გასაყვანი პრეზიდენტი სჭირდებოდეს.
საპრეზიდენტო კანდიდატებად განიხილავენ საკუთარ პერსონებს ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია, ირმა ინაშვილი, ნიკა მელია, დავით უსუფაშვილი. არც ირაკლი ალასანიას ამბიციებია დასავიწყებელი, თუმცა მას გუნდი უკვე პრაქტიკულად აღარ ჰყავს, ლიდერთა საბჭოს წევრებისაგან განსხვავებით. მათგან ზოგი თავად აცხადებს, რომ სურს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობით შეძლებენ დიადი მიზნის მიღწევას. კონფიდენციალური წყაროს ცნობით, არაა გამორიცხული, ლიდერთა საბჭოს წევრებს შორის შიდა პრაიმერიც ჩატარდეს. ასევე არაა გამორიცხული, შემოდგომაზე ნამდვილად საინტერესო ამბის მოწმე გავხდეთ და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართოს. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, რა მესიჯებს ჩამოიტანს გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონიდან. ამ შვიდი თვის განმავლობაში კიდევ მრავალი სიურპრიზი გველოდება, თუმცა რეალური საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ოცნებიდან მაისამდე საქმეში ჩახედული ადამიანები არ ელოდებიან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!