ქართული პოლიტელიტის საპრეზიდენტო ვნებანი

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ქუჩაში რომ გააჩერო ადამიანი და ჰკითხო, შეუძლია თუ არა პრეზიდენტობა ან მინისტრობა, 10-დან 8 ალბათ იტყვის, რომ ბრწყინვალედ წარუძღვებოდა საქმეს.

სინამდვილეში რა ფუნქციები ექნება 2018 წელს 6 წლით არჩეულ პრეზიდენტს და როგორ წარმოადგენს ის საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს, ეს დიდწილად მის როგორც წარსულ გამოცდილებაზე, ასევე რეპრეზენტაბელურობასა და მმართველ გუნდთან ე.ი. ბიძინა ივანიშვილთან კარგ ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული.

ოპოზიციის ილუზია თუ თავის გამხნევება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეიტინგი დაკარგა და 2018 წელს თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას არა, მეორე ტურის გამართვას მაინც მიაღწევს, კვლავ ილუზიად რჩება, თუ არ გავითვალისწინებთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს — რამდენად აქტიური იქნება დასავლეთი და რამდენად გადაწყვეტს აშშ, რომ მოვიდა ცვლილებების დრო. ამ მხრივ გარკვეული შანსები ნამდვილად უჩნდება ოპოზიციას, თუ ისინი მართლაც შეძლებენ გაერთიანებას გარკვეულ დონეზე მაინც. მით უმეტეს, ოპოზიციას ნამდვილად ჰყავს დასავლეთისათვის მისაღები და საკმაოდ მაღალი ავტორიტეტის მქონე პირები მნიშვნელოვანი გამოცდილებით.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნები – თამაში, რომელშიც ყველა მოგებულია ხალხის გარდა

საპრეზიდენტო მარათონთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი ამბავი თეა წულუკიანის კანდიდატურის უპირობო გამარჯვებულად გამოცხადება გახლდათ. წულუკიანს ნამდვილად აქვს შანსი დასახელდეს. ის ბიძინა ივანიშვილს მოსწონს – არაა მეამბოხე, არის „სუსის რძალი“, ახლო ურთიერთობა აქვს სოზარ სუბართან და გარკვეულ პოლიტიკურ-ფინანსურ კლანთან, რომელსაც სიტყვა ეთქმის. სააკაშვილის გამონათქვამები წულუკიანის მისამართით მხოლოდ აძლიერებს მის პოზიციებს. თუმცა, აქაც არის ერთი პრობლემა: ხომ არ იჩქარა ამ დაჯგუფებამ მასმედიის, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2“-სთვის მათთვის სასურველი ინფორმაციის ოპერატიულად, მაგრამ ვადაზე ადრე მიწოდება? ბიძინა ივანიშვილი თავის ზრახვებს ვადაზე ადრე არავის უმჟღავნებს. ეჭვი არავის ეპარება, რომ ამის შესახებ საპარლამენტო გუნდს არაფერი ეცოდინება. დღეს რეალური გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც წულუკიანის გაპრეზიდენტება ხელს აძლევს, მათ შორის მათაც, ვინც მომავალში იუსტიციის სამინისტროს, დიდი ძალაუფლების მქონე სტრუქტურას ჩაუდგება სათავეში.

უკვე გამარჯვებულ კანდიდატად გამოცხადებიდან მეორე დღეს ტელევიზიამ უკან დაიხია და კიდევ ერთი — სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის შესახებ გვამცნო. აპრილის ბოლომდე, სანამ „ქართული ოცნების“ კანდიდატი რეალურად დასახელდება, კიდევ ბევრი იქნება ჭორაობაც და ინტრიგებიც გუნდის შიგნით. ზურაბიშვილი „უშიშროების“ უფრო ფართო წრეებზეა გასული მსოფლიო მასშტაბით, ვიდრე თეა წულუკიანი. ამ ორი თვის განმავლობაში, არაა გამორიცხული, მის წინააღმდეგ სერიოზული კომპრომატების ომი დაიწყოს, თუ ივანიშვილმა ეს პროცესი სათავეშივე არ შეაჩერა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის არჩევანი – ყველაფერი ან არაფერი

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი ერთი — „დაშლილებში ჩაბარებული ნაწილი" სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიციის გაერთიანების საჭიროებაზე ღაღადებს. სააკაშვილმა იცის, რომ მისი და მისი გუნდის გავლენები საქართველოში ძალიან დასუსტებულია და დამოუკიდებელი და აპოლიტიკური კანდიდატის ვერსიას ებღაუჭება. თუმცა, ოპოზიციურ ფლანგზე არავითარი გაერთიანება მოსალოდნელი არ არის. ოპოზიციაში ერთი გუნდი — ე.წ. ლიდერთა საბჭო უკვე გამოკვეთილია. მათ ხუთამდე საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ და არც თუ მცირე შესაძლებლობებით: დავით უსუფაშვილს საქართველოში იცნობენ, როგორც ძლიერ, პროდასავლურ და გაწონასწორებულ ფიგურას, რომელსაც ასე იოლად ვერავინ მისცემს დავალებას; სერიოზული გამოცდა აქვს ჩაბარებული ნინო ბურჯანაძეს — ის უკვე ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი; ამბიციები აქვს შალვა ნათელაშვილსაც; საკუთარ პოზიციებს იმყარებს გიორგი ვაშაძე; უკვე უარი აქვს ნათქვამი საპრეზიდენტო ამბიციებზე კახა შარტავას. სავარაუდოა, რომ ლიდერები ნამდვილად მოახერხებენ ერთ კანდიდატზე შეთანხმებას.

მეორე საპრიზო ადგილისა და ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის იბრძვიან „ევროპელი დემოკრატები“. მათი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ დავით ბაქრაძე იქნება. 48 მილიონის საქმემ გიგი უგულავას საპრეზიდენტო ამბიციებს ლახვარი ჩასცა!

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ძალიან საინტერესოა, რას გადაწყვეტს გიორგი მარგველაშვილიც. სახელისუფლებო მასმედია წერს, რომ ის მეორე ტურისთვის იბრძოლებს, მაგრამ რატომ გამარჯვებისათვის არა? აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს მარგველაშვილი დასავლური ძალების შემოკრებას და აშშ-ის დარწმუნებას იმაში, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პრეზიდენტის სახით დაბალანსება სჭირდება.

შემოდგომამდე დიდი დროა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ მაისის ბოლოს მაინც ყველა კანდიდატი საარჩევნო კამპანიას დაიწყებს და საკმაოდ საინტერესო პროცესების დამკვირვებლები გავხდებით.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას.

ყველა ახალი ამბავი
0