თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
თუმცა, სასამართლომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე საპყრობილეში არ გაუშვა — უგულავას მიმართ „თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკვე აქვს გამოტანილი განაჩენი, რომელმაც შთანთქა მოსამართლის მიერ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება და ყოფილ მერს, ამჟამად კი პარტიის „ევროპული საქართველო — მოძრაობა საქართველოსთვის" გენერალურ მდივანს შეფარდებული პატიმრობა მოხდილად ჩაეთვლება.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილ მერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით („დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა") წარდგენილი ბრალი, 333-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეზე უგულავას გარდა ბრალი თბილისის მერიის ხუთ ყოფილ თანამშრომელს აქვს წაყენებული: თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს დავით ალავიძეს, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი საბანაძეს, თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს ალექსი თაბუაშვილს, ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს დავით ავალიანს და მის მოადგილეს დიმიტრი ჩხეიძეს. აქედან სასამართლომ ერთი მათგანი – დიმიტრი ჩხეიძე წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გიორგი საბანაძეს, დანარჩენებს კი პირობითი სასჯელი შეეფარდათ.
ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის სექტემბერში გიგი უგულავა 2009-2010 წლებში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაზე თბილისის მერიასთან არსებულ „თბილსერვის ჯგუფში", რომლის დანიშნულება მაშინ მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაფინანსება იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში ბრალდება გადააკვალიფიცირა და გიგი უგულავას 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგულავას პატიმრობის ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.