მამათა და შვილთა ბრძოლა საქართველოს პარლამენტში და გენდერული კვოტირების კანონპროექტი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
37 ათასი მოქალაქის პეტიცია, გაზრდილიყო ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, გასულ კვირას უმრავლესობამ ისევ ჩააგდო. მობილიზაცია ვერ მოახერხესო, ვერ იტყვი, იმავე დღეს ჩვენმა რჩეულებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს უყარეს კენჭი და 115 ხმით დაამტკიცეს კიდეც.

ახალი კონსტიტუციის მთავარი მიღწევა ოპოზიციისთვის ერთჯერადად 2020 წელს საარჩევნო ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევა და ბლოკების შექმნის ნებართვაა. ამ ცვლილებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რამდენიმე პრინციპული მოთხოვნა შესრულდა. მაგრამ მამაკაცები უპირატესობას პარლამენტში მაინც ვერ ელევიან — აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენიმე ქალბატონს მრავალფეროვნებისთვის კი აპიარებენ, თუმცა არც კომპეტენციით, არც პროფესიონალიზმითა და არც პრინციპულობით ქალთა სქესის წარმომადგენლები მამაკაცებს ტოლს არ უდებენ.

ძალიან შორს რომ არ წავიდეთ და თამარ დედოფლის ეპოქას და მის კარავს არ გადავწვდეთ, ამ ასიოდე წლის წინ, 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პარლამენტში ქალბატონები დეპუტატთა 3 პროცენტს შეადგენდნენ და ეს მაშინ ხდებოდა, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საარჩევნო ხმის უფლება. ამ ასი წლის განმავლობაში ქალებმა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტს შეადგენენ, სულ რაღაც პროცენტ-ნახევრით გაზარდეს საკუთარი წარმომდგენლობა საკანონმდებლო ორგანოში და 4,5 პროცენტი შეადგინეს. კვირიკაშვილის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ქალბატონები საკვანძო პოსტებს იკავებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო, ევროინტეგრაციის, იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
გადადგება თუ არ გადადგება?

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კვოტირების შესახებ ახალი კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში ამ კვირაში მოახდენენ.

„მინდა განვაცხადო, რომ მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა იქნება ორგანული კანონის პროექტი კვოტირების შესახებ. პრინციპი იქნება იგივე — 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში. რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს, იქ უზრუნველყოფილი იქნება, სულ მცირე, 1/3-ის წარმომადგენლობა. უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
„ვის უნდა 20 ათასი" ანუ საპრეზიდენტო მარათონი

მართალია, ამ გადაწყვეტილებით საპარლამენტო უმრავლესობამ 37 ათასი ამომრჩეველი გაანაწყენა, რომლებმაც მიმართეს პარლამენტს ინიციატივით – პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ადამიანი განსხვავებული სქესის ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვაჭრობა გაგრძელდება და ქალებს, კარგ შემთხვევაში, 2020 წელს პროპორციული სიების 25 პროცენტით მოუწევთ დაკმაყოფილება, ხოლო 2024 წლიდან კი, შესაძლოა, ნამდვილად შეადგენდნენ საკანონმდებლო ორგანოს ერთ მესამედს.

კენჭისყრამ „ქართულ ოცნებაში“ ე.წ. „მამათა და შვილთა“ ბრძოლა ნათლად გამოკვეთა. თუ კონსერვატორები წინასწარ აცხადებდნენ, რომ ისინი საკითხს მხარს არ დაუჭერდნენ, ზედმეტი ხმაურის გარეშე კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ მსხვილმა მოთამაშეებმა: გია ვოლსკიმ, კობა ნარჩემაშვილმა, კახა ოქრიაშვილმა, ზაზა პაპუაშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ნუკრი ქანთარიამ, შოთა შალელაშვილმა, სამველ მანუკიანმა, კარლო კოპალიანმა, გიორგი ნაკაშიძემ და ილია ნაკაიძემ აჭარის დეპუტაციიდან, ბიძინა გეგიძემ, რევაზ არველაძემ, ედიშერ თოლორაიამ. ზოგიერთი ქალბატონი დეპუტატი კი საერთოდ არ ესწრებოდა კენჭისყრას და არც მიუღია მასში მონაწილეობა…

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტელიტის საპრეზიდენტო ვნებანი

თუ კარგად დააკვირდებით, აშკარაა, რომ „ოცნებაში“ კობახიძე–თალაკვაძე–ჩუგოშვილი–მდინარაძის ე.წ. პროდასავლურ ფრთას „ოცნების“ ძველი შემადგენლობა გამოეყო და საკუთარი ძალა უჩვენა. როგორც ჩანს, „ზემოთ“ ჯერ არ არიან დაინტერესებული ამ კანონპროექტის მიღებით და ის დროში გაიწელება. თუმცა, ცხადია, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს ბრძოლა, რომელიც მცირე ხნით ჩაცხრა, ახალ მასშტაბებს შეიძენს. ვნახოთ, განვითარდება თუ არა პროცესები ჟვანია-სააკაშვილის მოდელით, როცა „მოქალაქეთა კავშირში“ ჩამოყალიბებულმა ახალგაზრდების ფრთამ ოლიმპოს დაპყრობა თავად განიზრახა და მიაღწია კიდეც. მართალია, ახალი „რეფორმატორები“ დიდად არ ხმაურობენ, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ დამდგარ და ჩუმ წყალში მეტი ბაყაყი ბინადრობს…

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0