რეფორმები უმაღლეს სასწავლებლებლებში – ეშველება თუ არა ქართულ ალმა მატერთა რეიტინგებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტი რუსუდან კაციტაძე განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ახალი ინიციატივებისა და უმაღლეს სასწავლებლებში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მოგვითხრობს.

განათლების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა წინამორბედის შეცდომები გაითვალისწინა და ძალიან ფრთხილად ურთიერთობს მასმედიასთან. თუმცა, პოსტზე დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ მან უკვე გაახმოვანა კონკრეტული ინიციატიები, რომელთაც საზოგადოებაში მოწონება ან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც — გაიზარდა წამყვანი და მენტორი პედაგოგის ხელფასები. ზოგადად, განათლების სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ განათლების სისტემა ყველა დონეზე არათუ მოსაწესრიგებელი, არამედ ფუნდამენტურად შესაცვლელია და დღევანდელი განათლების სისტემა ვერ იძლევა მოქალაქის დასაქმებისა და, თუნდაც, ზოგადად, განათლებული ადამიანისა და მოქალაქის აღზრდის გარანტიას. საბედნიეროდ, არსებობენ ცალკეული გამონაკლისები, თუმცა გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ ადასტურებს წესს.

თსუ-ის პირველი კორპუსი - Sputnik საქართველო
სკოლის შემდეგ: უმაღლესი და პროფესიული განათლების პრიორიტეტები

მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა უმაღლესი სასწავლებლების დაუგეგმავ შემოწმებას და ავტორიზაციის გადახედვას ეხება. ჩხენკელმა გაბედა და თქვა, რომ ამდენი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოს არ სჭირდება, რომ ფასიანი უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა უბრალოდ დიპლომს აძლევს სტუდენტს და არა მომავალი განათლების ან დასაქმების გარანტიას, რომ მათი რიცხვი დრამატულად შემცირდება და რომ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სისტემა უნდა შეიცვალოს.

არავისთვის ახალი ამბავი არაა, რომ თვით ჩვენი საამაყო დედა უნივერსიტეტიც კი, რომელსაც 8 თებერვალს დაარსებიდან 100 წელი უსრულდება და რომელშიც მსოფლიო მასშტაბის პროფესურა მოღვაწეობდა, დღეს თავისი წარსული დიდების აჩრდილიღაა. მოძველებული სახელმძღვანელოები, ლაბორატორიები და, რაც მთავარია, სწავლების კომერციალიზაცია მას განვითარების საშუალებას არ აძლევს და მსოფლიო რეიტინგებში 800 უნივერსიტეტის შემდეგ მოდის. დიახ, ეს სვიმონ ყაუხჩიშვილის, დიმიტრი უზნაძის, ივანე ჯავახიშვილის, არნოლდ ჩიქობავას და სხვა უდიდესი მოაზროვნეების უნივერსიტეტის დღევანდელობაა.

Henley Business School - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ერთ-ერთმა ბიზნეს-სკოლამ თანამშრომლობისთვის საქართველო აირჩია

მინისტრი ჩხენკელი ფიქრობს, რომ სამინისტრო ვალდებულია მშობლებს, აბიტურიენტებსა და სტუდენტებს სიმართლე უთხრას უნივერსიტეტებში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. აქ თავად ქართული მენტალიტეტიც, ალბათ, უნდა შეიცვალოს იმ მიმართულებით, რომ უსარგებლო დიპლომს, სადაც სამართალმცოდნე და დიპლომატი წერია, ნამდვილად სჯობს კარგი, „მიშლენის“ სამვარსკვლავიანი მზარეული ან შემდუღებელი, რის დეფიციტსაც საქართველო განიცდის. უფრო მძიმე ვითარებაა საბუნებისმეტყველო დარგებში, სადაც საქართველოს ტრადიციულად ძალიან ძლიერი სკოლები ჰქონდა, მაგრამ წამყვანი ფიზიკოსები და ქიმიკოსები დღეს უცხოეთის წამყვან ლაბორატორიებში მუშაობენ.

განათლების მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესის გადახედვას ორ ეტაპად ხედავს. მისი თქმით, მათ, ვისაც სიტუაციის გამოსწორების შანსი აქვს, დამატებითი დრო მიეცემათ, ვისაც არა, მათ სტუდენტების მიღების უფლება პირდაპირ შეუწყდებათ.

ქალთა პირველი ბიზნეს-ფორუმი აჭარაში - Sputnik საქართველო
უდიპლომოდ, მაგრამ დასაქმებული - დასახელდა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

პრემიერ-მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა ახალი შემადგენლობა, რომელიც ნამდვილად კვალიფიციური პირებისგან შედგება, მაგრამ საბჭოს მაინც აქვს ერთი ხარვეზი — უმეტესობა დაინტერესებული პირია — ანუ თავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ-ის, „ჯიპას“ პროფესორები. ძნელი სათქმელია, რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ისინი კონკურენტ უნივერსიტეტებს. თავად მინისტრიც ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის მეწილეა, რაც მის ნეიტრალურობასაც, შესაძლოა, ჩრდილს აყენებდეს.

ცალკე საკითხია განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის თემა. მოგეხსენებათ, აქ ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე დანიშნა ხელმძღვანელად, ხოლო სანიკიძემ სამინისტროდან უკვე ცენტრში გადააპორტირა „ჯიპას“ სამეგობრო, თუმცა სამინისტროშიც უმეტესად მისი მოყვანილი კადრები მართავენ სიტუაციას. ჩხენკელს, სავარაუდოდ, მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გატარება, თუ სიღრმისეულად აპირებს რეფორმების გატარებას. ცნობილი ფაქტია, რომ ჯეჯელავა სამინისტროში იშვიათად ჩნდებოდა და უფლებამოსილების განხორციელება სანიკიძის მეგობარი მოადგილეებისათვის ჰქონდა გადაბარებული.

მოკლედ, განათლების სისტემა დიდი გამოწვევების წინაშეა. სასიამოვნო ფაქტია, რომ ფასიანი სისტემის შემოღებიდან 25 წლის შემდეგ მაინც საქართველოს განათლების სისტემის მესვეურები დაფიქრდნენ, როგორ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი, მაგრამ რეფორმატორთა ჯგუფს, თუ ამ საკითხს საფუძვლიანად მიუდგებიან, დიდი და სერიოზული გამოწვევების გამკლავება მოუწევს.

ყველა ახალი ამბავი
0