თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სახელმწიფოსთვის 2018 წელს პრიორიტეტული გახდება უმაღლესი და პროფესიული განათლება.
განათლების ამ ორ სახეობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ამასთან, ძირითადი აქცენტი გაკეთდება მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე, ნათქვამია კანონში „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ".
უმაღლესი განათლების ძირითადი მიმართულებები
უმაღლეს განათლებაზე სახელმწიფო 2018 წელს 133,8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. აქედან 113,6 მლნ სტუდენტების გრანტების დაფინანსებას მოხმარდება.
გარდა ამისა, 2018 წელს იგეგმება გამოცდების სისტემის გაუმჯობესება — როგორც ერთიანი ეროვნული, ისე სასკოლო და მაგისტრატურაში მისაღები გამოცდებისა, რათა ისინი ერთიანი სისტემის ნაწილი გახდეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ასევე გააგრძელებს სტუდენტთა დახმარების პროგრამას საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. საუბარია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის შესახებ. ასევე ამოქმედდება კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, რათა გაძლიერდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი სექტორები.
სახელმწიფო 2018 წელს ყურადღებას დაუთმობს თავად უმაღლეს სასწავლებლებსაც. ამისთვის რიგი პროგრამებია დაგეგმილი, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლების განათლების ხარისხისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
პროფესიული განათლება
სახელმწიფო 2018 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებას და მის განვითარებას. ამისთვის ბიუჯეტში 40,8 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
პროფესიული განათლების განვითარების კუთხით ძირითადი მუშაობა მიმართული იქნება მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების, ადამიანის პროფესიული განვითარებისა და მისი პროფესიული კარიერის ხელშეწყობისკენ.
ამ მიზნების განსახორციელებლად იგეგმება საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის ევროპის საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ასევე იგეგმება თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორთან და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
პროფესიული განათლების სისტემაში ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ ჩვევებს და ამისთვის იგეგმება პროგრამის დანერგვა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სწავლის დასრულებამდე გაიარონ პრაქტიკა და იმუშაონ პროფესიით.
მთავრობის გეგმების მიხედვით, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლას შეძლებენ მსჯავრდებულები და პრობაციონერებიც. ამისთვის მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, პროფესია საპატიმროდან გამოსვლამდე მიიღონ.