მას შემდეგ, რაც პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, თუ უცნობის, იმავე გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, მზად ვარ, გადავდგეო, მის პოსტზე ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება.
არადა, უფრო ადრე პრემიერმა, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, ისიც დააანონსა, არ ვაპირებ საპრეზიდენტო სავარძლისათვის ბრძოლას, საქმეა საკეთებელი — ამ გვირაბს 2022 წლისთვის გავხსნიო. კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებულ ხმებს გარკვეული საფუძველი კი აქვს — პოსტიდან ძალიან მალე, ერთ წელიწადში გადადგა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომლისთვისაც ხელისუფლება ნამდვილად დამატებით ტვირთს წარმოადგენდა და ასევე 2015 წლის 27 დეკემბერს, პრემიერობის 2 წლისთავზე სრულიად მოულოდნელად გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გაოცებული დატოვა არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ უმრავლესობის საპარლამენტო გუნდიც.
გიორგი კვირიკაშვილმა იმ სახიფათო მიჯნას, რასაც ორწლიანი მმართველობა ჰქვია, უკვე გადააბიჯა და პარლამენტმაც დიდი უმრავლესობით დაამტკიცა მის მიერ წარდგენილი მთავრობა. ახლა პრემიერის გადადგომის მოსურნეებს ისღა დარჩენიათ, ივარაუდონ, როდის და რა გზით წავა კვირიკაშვილი პოსტიდან. ის, რომ ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია, მან და ხელისუფლებასთან ახლოს მყოფმა ყველა პირმა იცის, მაგრამ მსოფლიოში უამრავი მაგალითია, როცა საპარლამენტო რესპუბლიკის მეთაურები ხანგრძლივი ვადით იკავებენ პოსტებს. მაგალითად, შორს რომ არ წავიდეთ, გერმანიაც გამოდგება, სადაც ფრაუ მერკელი აგერ უკვე 2004 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერია. ანუ უკვე მე-14 წელია. არანაკლები ვადით იყო გერმანიის სათავეში მისი პარტიული ლიდერი ჰელმუტ კოლი, რომელსაც ორად გაყოფილი გერმანიის გაერთიანება უკავშირდება.
რამდენად მოახერხებს პრემიერი კვირიკაშვილი 14 წელი ქვეყნის მართვას და საქართველოს გაერთიანებას, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მისი გადადგომის მოსურნეებს აშკარად იმედები უნდა გავუცრუოთ. ის პოსტიდან წასვლას არ აპირებს. ასე ფიქრობს ექსპერტი მამუკა არეშიძეც.
მამუკა არეშიძე: „არა მგონია, პრემიერი კვირიკაშვილი გადადგეს, ან რატომ უნდა გადადგეს?! არალოგიკურად მეჩვენება მისი გადადგომა, რადგან თუ ასე უნდოდა, სანამ მთავრობას დაამტკიცებდნენ, მანამდე უნდა გადამდგარიყო. ამიტომ მე ეს უფრო ვიღაცის სურვილი მგონია, ვიდრე რეალობა. თუმცა საქართველოში ყველაფრი შეიძლება მოხდეს… მაგრამ ამ ეპატზე მაინც არარეალურად მეჩვენება მოვლენების ასეთი განვითარება“.
გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად სისტემური რეფორმებია საჭირო და არა — კადრების შეცვლა: „სისტემა ისეა მოწყობილი, რომ პრემიერის გადადგომის შემთხვევაშიც არაფერი შეიცვლება. რადგან არ არის კვირიკაშვილი ის პოლიტიკური ფიგურა, რომ მის ყოფნით რამე გაკეთდეს ან მისი არ ყოფნით რამე დაშავდეს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივად ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი. ეტყვიან წადიო — წავა, ეტყვიან დარჩიო — დარჩება, ის არ არის ლიდერი. აქედან გამომდინარე მისი ბედი სხვებზეა დამოკიდებული. ის რომ იღებდეს რამე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ან ჰქონდეს პოლიტიკური წონა, მაშინ ამ საკითზე მსჯელობას აზრი ექნებოდა, მაგრამ ამ მოცემულობით ვერ ვხედავ ამ საკითხზე მსჯელობის აზრს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“.
აი, ის ვინც ხუხაშვილის აზრით, წადისა და მოდის ამბობს, რას ფიქრობს, არავინ იცის, რადგან ყოფილი პრემიერი მეტად მოულოდნელი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და ცდილობს, თავისი გეგმები არავის გაანდოს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ მინიმუმ 9 თვეა დარჩენილი, ასე რომ. დაახლოებით ნახევარ წელიწადში გაირკვევა, ვინ გახდება სახელისუფლებო გუნდის საპრეზიდენტო ფალავანი. წყაროების ნაწილი კვირიკაშვილის გაპრეზიდენტებას არ გამორიცხავს, მით უმეტეს მას მანამდე საკმაოდ დიდი პოზიტივის დაგროვება შეუძლია და როგორც ერთ-ერთი მთავრობის სხდომაზე დაანონსა, ხალხში გასვლასაც გეგმავს. 7-8 თვეში საქართველო ისე საარჩევნო ციებ-ცხელებაში ჩაერთვება და მაშინ ნათლად გამოიკვეთება, ვის რა პოლიტიკური მომავალი ელის. მანამდე კი თოფი კედელზე ჰკიდია.