მთავრობის დამტკიცების წინ საპარლამენტო უმრავლესობა იშლება?!

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ვაჭრობა „ქართულ ოცნებაში“ თუ ახალი საპარლამენტო თანამდებობების დაკავების სურვილი

ჯერჯერობით არავინ იცის, როგორი იქნება 2018 წელი საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის, მიხეილ ცაგარელისა და ზაქარია ქუცნაშვილის გარდა. წლის ბოლოს და მთავრობის დამტკიცებამდე ერთი კვირით ადრე ჯერ პრემიერ კვირიკაშვილთან „უცნობის“ დაპირისპირებამ დააინტერესა მოსახლეობა, შემდეგ კი, საპარლამენტო საშემოდგომო სესიის დასასრულს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გვამცნო, რომ ოცნების საპარლამენტო ფრაქციას მინიმუმ 12 კაცი გამოაკლდება, ანუ ორი ფრაქცია. ოპოზიცია უკვე პრემიერის გადადგომასაც არ გამორიცხავს.

მართალია, ოცნების ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათი დაშლა რაიმეთი პრემიერის გარემოცვასა და გაჩეჩილაძეებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოვლენები ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.

მარიამ ჯაში - Sputnik საქართველო
როდის დაიწყებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას

86 წევრისაგან შემდგარი ქართული ოცნების ფრაქცია მართლაც უპრეცედენტოდ დიდი შემადგენლობით გამოირჩევა და ბევრი დეპუტატი, რომლებიც თავის დროზე ანგარიშგასაწევ ძალად მოიაზრებოდნენ, ჩაიკარგა ამ სიმრავლეში, თუ არ ჩავთვლით ეკა ბესელიას და ენძელა მაჭავარიანს — ოცნების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს. ფრაქციის შექმნის, დამატებით მისი თავმჯდომარისა და აპარატის შექმნის იდეა ზაქარია ქუცნაშვილს, როგორც პარლამენტთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, 2016 წლის არჩევნების დასრულებისთანავე ჰქონდა, მაგრამ მაშინ ამაზე ბიძინა ივანიშვილი ვერ დაითანხმეს. ახლა კი, როგორც მამუკა მდინარაძის საუბრიდან ირკვევა, პრემიერი არც კი ყოფილა საქმის კურსში, რომ მისი თავმჯდომარეობით არსებული პარტია ორი ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას აპირებს. ბიძინა გეგიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი აბუსერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილიც ახალ ფრაქციას ქმნიან. ამ ფრაქციის სავარაუდო წევრები, ასევე გოჩა ენუქიძე თავის დროზე ღარიბაშვილთან დაახლოებულ პირებად ითვლებოდნენ და არც ის არის გამორიცხული, რომ მთავრობის დამტკიცების წინა დღეებში გამსკდარი განხეთქილება სერიოზული ვაჭრობის თემა გახდეს უმრავლესობაში. პრემიერ კვირიკაშვილს და მის ახალ მთავრობას ახლა სწორედ რომ უმრავლესობის ხმები სჭირდება დასამტკიცებლად. ძნელი დასაჯერებელია, რომ მათ ხმა „ნაცებმა", ევროპულმა საქართველომ ან კვირიკაშვილის გადადგომის მოსურნე პატრიოტებმა მისცენ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ოპტიმიზირებული „ოცნება“ და ბიუროკრატია ციფრებში...

რას აძლევს ან მისცემს ეს დაპირისპირება საქართველოს მოსახლეობას? დამატებით პენსიას თუ დამატებით ბეგარას? მეორე უფრო სარწმუნოა, რადგან ის, რაც ამ დღეებში მოვისმინეთ, ცხადყოფს, რომ სამინისტროების ხარჯზე დაზოგილი ფული, როგორც ჩანს, პარლამენტში ახალი ფრაქციების შექმნას მოხმარდება, რომ აღარაფერი ვთქვათ 19 ახალი მოდელის ავტომანქანის შეძენაზე. რომელი კომპანია შეიძენს პარლამენტისათვის ახალ სედანებს, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ამ მინდორზე მოთამაშეები გამოკვეთილნი არიან — ხეჩიკაშვილის გუნდი, თოფაძის სამეგობრო და გაჩეჩილაძის მოყვრები.

მოსახლეობას კი ისღა დარჩენია, ამ ამბების შეტყობით იხაროს და ახალი წლისათვის შეძლებისდაგვარად მოემზადოს. ასტროლოგები ამბობენ, 2018 წელი ძაღლის წელია, რომელიც ერთგული და სამართლიანიაო. ხოდა, სადაც სამართალია, იქ შესაძლოა, არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყოს უცნაური, მით უმეტეს, 2016 — მაიმუნის წლის ნამოქმედარის შემდეგ.

18 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე ორივე ახალი ფრაქციის სახელწოდება და შემადგენლობა გაირკვევა. საინტერესოა ისიც, რომ ბიძინა გეგიძე აცხადებს, ჩვენს ფრაქციაში 6-ზე მეტი დეპუტატი იქნებაო. უცნაურია მამუკა მდინარაძის განცხადებაც, რომ ამის შესახებ პრემიერმა არაფერი იცის. ძნელად დასაჯერებელია, რომ ისეთმა ფრთხილმა ბიზნესმენმა, როგორიც გოჩა ენუქიძეა, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე გადადგას ასეთი ნაბიჯი. ჯერჯერობით რაიმე სპეკულაციები მთავრობის შეცვლის შესახებ ნაადრევია, თუმცა გპირდებით, რომ სანახაობა გაზაფხულამდე ნამდვილად არ მოგვაკლდება.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0