შობა-ახალ წელს გილოცავ, ჩემო ერთგულო მკითხველო. მრავალს დაესწარი, იდღეგრძელე და იხარე, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ და რაც მთავარია ჩვენი თავი არ მოგიშალოს ღმერთმა. ახალი წელი ჯერ მხოლოდ იკრეფს ძალას და ნუ დამძრახავ თუ წინამდებარე სტატიაში თქვენს ყურადღებას გასული წლის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე შევჩერებ. ბევრი მათგანი უახლოესი წლების მანძილზე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კიდეც ქვეყნის საშინაო და საგარეო პილიტიკის ძირითად პრიორიტეტებს, დღის წესრიგს…
გაივლის წლები და საქართველოს უახლესი ისტორია 2017 წელს ყველაზე მეტად ახლოს მოსული ევროპით დაიმახსოვრებს. 2017 წლის 2 თებერვალს, ევროპარლამენტის ეკრანზე დაფიქსირებულმა შედეგმა ლოგიკური წერტილი დაუსვა მრავალწლიან ძალისხმევას და ბებერი კონტინენტის საზღვრები გახსნა. გადაწყვეტილებას ჩვენში ზეიმით შეხვდნენ და დაიწყო დროის ათვლა 28 მარტამდე, საზღვრების ოფიციალურ გახსნამდე. ამ დღეს კი ერთმანეთის მიყოლებით ჰაერში რამდენიმე ლაინერი აფრინდა და ისტორიული რეისი შესრულდა. ახლა ჩვენებურები, როგორც ჩინიანნი, ისე უჩინონი, საქართველოს მოქალაქის პასპორტით უკვე გამორჩეულად იწონებდნენ თავს… „ეს გახლავთ ჩვეულებრივი პასპორტი, რომლითაც მე დღეს მივემგზავრები ევროპაში…“, — სიამაყით იტყვის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ფაქტია, რომ ვიზალიბერალიზაცია ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერის ყველაზე ხმამაღალ გზავნილად იქცა. თუმცა, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერი განცხადებები ისმოდა არამხოლოდ ქვეყნის ფარგლებს მიღმა, არამედ მაშინაც, როცა საქართველოს სტუმრობდნენ საზღვარგარეთის ქვეყნების პირველი პირები… პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, პარტნიორები და მეგობრები. საკამათო არ არის, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი სტუმრის ლაინერი თბილისის აეროპორტში 31 ივლისს დაეშვა. ტრაპზე ჩამოსვლიდან საპრესკონფერენციო დარბაზში შესვლამდე გვქონდა მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ახალი ადმინისტრაციის მხარდამჭერი გზავნილები მოჰქონდა… მოლოდინი გამართლდა, პირველივე სიტყვებიდან მაიკ პენსი საქართველოს ინტერესების დაცვისას ჩრდილოელი მეზობლის მისამართით ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ დასავლელ ლიდერად იქცა… „დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელეთაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელჰყონ“, — მაიკ პენსი.
ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციებს იმყარებდა. ამასობაში იცვლებოდა ქვეყნის შიდაპოლიტიკური სურათი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ნოკაუტით დამარცხდა… დაიწყო პოლიტიკური დაქსაქსულობის შეუქცევადი პროცესი. პოლიტიკურ ასპარეზობას ჩამოშორდნენ პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ ახლადმოსული ნორჩი და გამოცდილი პოლიტიკოსები… თუმცა გარდაქმნები ისე არავის დატყობია, როგორც ყოფილ სახელისუფლებო გუნდს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „ცივი და ცხელი ტვინები“ პოსტსაარჩევნო სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდნენ. იმ დროსთვის უკრაინაში პოლიტიკურად პრაქტიკულად გაკოტრებული მიხეილ სააკაშვილის მორიგი რევოლუციური მისწრაფებები პარტიაში ყველამ არ გაიზიარა. დაიწყო. პარტიის წევრები კამათსა და დავას არც საჯაროდ
ერიდებოდნენ. შედეგად, პოლიტიკური პარტია, ორ ნაწილად გაიყო. ეს მოვლენა კი წლის პოლიტიკურ გაყრად შეფასდა. მალე ინტელექტუალთა კლუბი „რესპუბლიკური პარტიის“ სახით ასევე გაიხლიჩა… ასე ახალი და ძველი პარტიებით, ნაკლები ახალი და მეტი ძველი პოლიტიკური სახეებით მივედით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე…
ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გამოიკვეთა, რომ ოპოზიციური ფლანგიდან ვერავინ შეძლებდა მმართველ ძალასთან კონკურენციას, ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის გულის მოგებასა და, რაც მთავარია, ელექტორატის დარწმუნებას გამარჯვებაში. არჩევნებს უნდა გაერკვია ოპოზიციურ ველზე ვინ მოირგებდა ლიდერის ყვითელ მაისურს. 2017 წლის 21 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან მისულმა მოქალაქეებმა მომდევნო ოთხი წლის ვადით კვლავაც ოცნების ხელისუფლებას ანდეს ორმოცდაცხრამეტი მუნიციპალიტეტისა და ხუთი თვითმმართველი ქალაქის მართვის სადავეები. ენერგეტიკის ყოფილმა მერმა კახა კალაძემ თბილისის მერის სავარძელში გადაინაცვლა. გაირკვა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გემოვნება უცვლელია, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორეა, მისივე განაყოფი „ევროპული საქართველო“ – მესამე. „პატრიოტთა ალიანსი“ კი მყარად ინარჩუნებს მეოთხე პოზიციას. აქტივობა მაღალი არ იყო. მიზეზი — ელექტორატის იმედგაცრუება პოლიტიკური სპექტრის მოღვაწეობით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა მეორე ტურს პროტესტის ნიშნად უარი უთხრეს. მიზეზი ამჯერადაც არახალია, მოგეხსენებათ, ჩვენში არჩევნებს თავისით არავინ აგებს. ყველა „იგებს“ და სახელისუფლებო გუნდი ყველას ცალ-ცალკე „ართმევს“ მოგებას!..
არჩევნების წინ ხალხის რჩეულებმა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა თორმეტიდან ხუთამდე შეამცირეს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის მორიგი პოლიტიკური უთანხმოებისა და კიდევ ერთი ვეტოს მიზეზად იქცა… „მე ვიყენებ ვეტოს უფლებას!“, — ეს სიტყვები სახელმწიფოს მეთაურმა რამდენჯერმე წარმოსთქვა. 2017 წლის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლება ექვსჯერ გამოიყენა. წლის მთავარი ვეტო წლის კიდევ ერთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენას — საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდება. რამდენიმე თვიანი შრომის, კამათისა და დავის შემდეგ, პრეზიდენტისა და ოპოზიციის, წინააღმდეგობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ ჯერ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია მიიღო და შემდეგ უზენაეს კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტოც დაძლია.
საკამათო არ არის შიდაპოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი იყო პარლამენტი, რომელმაც წლის ყველაზე ხმაურიანი, მთავრობის ოპტიმიზაციის და პირადი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილება ხმაურით მიიღო. ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში საპარლამენტო დაპირისპირებაში პირველად ჩაერთო პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკანორ მელიას სიტყვიერი დუელი ჩვენში განსხვავებულად შეფასდა… ერთხელ ვთქვი და გავმეორდები — პრემიერ-მინისტრს ვერ მოვუწონებ საქციელს, არ შეიძლება წინასაახალწლოდ, თუნდაც მიუღებელ პოლიტიკურ ოპონენტს შეპირდე იმას, რასაც არ ან ვერ შეუსრულებ დიდსულოვნების გამო…
და ბოლოს 2017 წელს ქვეყანას პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლი ეკიდა, რამაც ყველანი ერთად გარემოს დაცვის პრობლემატიკაზე დაგვაფიქრა… რას მოუტანს ქვეყანას ერთგული ძაღლის წელიწადი? კეთდება პროგნოზები და მათ მომავალ სტატიაში გაგაცნობთ…