თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა.
საზეიმო ლიტურგია მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ეპისკოპოსებთან ერთად ის თავად ილია მეორემ ჩაატარა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მიმართვა ამბიონიდან რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა წაიკითხა.
ქვემოდ წერილის ფრაგმენტებია მოყვანილი.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უფლისმიერ საყვარელო და სანატრელო ძმაო, გულითადად გილოცავთ როგორც თქვენ, ისე საქართველოს, ეკლესიის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავ დღეს, საპატრიარქო ინტრონიზაციის 40 წლისთავს. 4 ათეული წლის წინ ღვთის ნებითა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, თქვენ ახვედით უწმინდესთა და უნეტარესთა, კათოლიკოს პატრიარქთა ტახტზე. მთელი ამ წლების განმავლობაში მაცხოვრის შეწევნით თქვენ აღასრულეთ მაღალი მსახურება, სიწმინდით, მეცნიერებით და სულგრძელობით, სიტკბოებით და სულიწმინდით, სიყვარულით, ჭეშმარიტების სიტყვით, ღმრთის ძალით, საჭიროითა სიმართლითა, მარჯვენისაითა და მარცხენისაითა.
ის, რომ იბერიის წმინდა მიწაზე ოდესღაც წმინდა ნინოს ღვაწლით დანერგილმა ჭეშმარიტი რწმენის მარცვალმა ასეთი უხვი ნაყოფი გამოიღო, თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის პირადი დამსახურებაა.
როდესაც შეუდექით საპატრიარქო მსახურებას, თქვენ იყავით საქაფრთველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, დიდი გზა განვლეთ და აწ უკვე ბრძანდებით ეკლესიის მეთაურობის ხანგძრძლივობით მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე უხუცესი საჭეთმპყრობელი.
თქვენი სიტყვა ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვინც გიცნობთ და უყვარხართ, ვინც თქვენთვის ლოცულობს და ვინც თქვენგან კურთხევას ითხოვს.
წმინდა პავლე მოციქული მოწმობს, შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა, ჭეშმარიტად თქვენ ბრძანდებით სულიერი მამა მრავალთა და საქართველოს ეკლესიის მრავალი სულიერი შვილისა, იერარქებისა, სამღვდელოთა და საეროთა, თქვენ დაუღალავად ზრუნავთ სამწყსოს დასაპურებლად, მოუწოდებთ და შთააგონებთ რა მათ იცხოვრონ სახარებისეული ცნებებით.
მართლმადიდებელ საქართველოს მომავალზე ზრუნვის გამო თქვენ წმინდა ნათლობით გახდით ნათლია მრავალშვილიანი ოჯახების ათასობით ბავშვისა, რითაც კეთილი საფუძველი გაუმზადეთ ქართველი ერის ბედნიერ მომავალს”, — ნათქვამია მილოცვაში.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მრავალი ათეული წლის მანძილზე მე მქონდა თქვენთან თანამშრომლობის ბედნიერება, მათ შორის საერთაშორისო ქრისტიანულ ღონისძიებებში, სადაც თქვენ მტკიცედ იცავდით მართლმადიდებელთა პოზიციებს.
ფრიად ვაფასებ თქვენს წვლილს მართლმადიდებელთა ერთობის განსამტკიცებლად შეტანილს. ჩვენ მოგვიწია გვეღვაწა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვართა და წარმომადგენელთა შეკრებებზე, კონსტანტინეპოლსა და სხვა მნიშვნელოვან ფორუმებზე, ამ ერთობლივი საქმიანობით ჩვენ მუდამ ვცდილობდით შეგვანრჩუნებინა სულის ერთობა.
დიდად მადლიერი ვართ თქვენი ძალისხმევისთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის სრულიად განსხვავებულ სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის…“
საქართველოს პატრიარქმა ასევე მიიღო მილოცვები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან, რომის პაპისგან, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორესგან და სხვ.
ილია მეორე 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს; ილია მეორის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა. იმ დროს ქვეყანაში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი არსებობდა. დღეისათვის კი ქვეყანაშია 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსი პატრიარქის ჩათვლით და ორ ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი.