თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია გაიმართა. ლიტურგია პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა, რომელსაც ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მრევლი.
„მაქვს სიამოვნება, გულთბილად მივულოცო მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 40 წელი აღსაყდრებიდან. დიდი სითბოთი მახსენდება ჩვენი შეხვედრა 2011 წელს ლონდონში, თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს ერებს შორის უფრო და უფრო ღრმავდება. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ბედნიერებასა და ჯანმრთელობას", — აღნიშნულია ელიზაბეტ მეორის მისალოც წერილში, რომელიც გამოაქვეყნა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ.
საქართველოს პატრიარქს ასევე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან საიუბილეო, მეორმოცე წლისთავს. ოთხი ათწლეულის წინ ცოტა ვინმე თუ აცნობიერებდა იმას, რაც დღეს ყველასთვის ცხადია — რომ თქვენი აღსაყდრება გახდებოდა ბოლო ათწლეულების უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ერის ისტორიაში. ურთულესი, დრამატული მოვლენების ამ ეპოქაში თქვენი ბრძნული მეგზურობა და სიყვარულით აღსავსე მსახურება პიროვნული სრულქმნის, თანამოძმეთა სიყვარულისა და უანგარო მსახურების ფასეულობათა დამკვიდრებით მყარ ნიადაგს ქმნის ჩვენი საზოგადოების ერთიანობისა და წინსვლისათვის. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ მათ, რომ კვლავაც დიდხანს გეპყრათ ხელთ ჩვენი სულიერი ცხოვრების საჭე. დღეგრძელობასა და მხნეობას გისურვებთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", — დაწერა მარგველაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
პატრიარქს გუშინ მიულოცა მისმა თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ.
„ვულოცავთ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს, რამეთუ იგი, 40 წლის განმავლობაშიც და მანამდეც, როდესაც ის მღვდელმთავარი იყო, როგორც მოსე წინასწარმეტყველი მიუძღოდა და მიუძღვის ერს აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ, უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ. ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ კიდევ მრავალ გამარჯვებას ჩვენი ერის, ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას", — განაცხადა მეუფე შიომ.
ინტრონიზაციის იუბილესთან დაკავშირებით წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო საზეიმო ღონისძიებები, მაგრამ მაისში, მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური ვითარებისა და საქართველოში სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, პატრიარქის გადაწყვეტილებით, ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს, ინტრონიზაცია 25 დეკემბერს გაიმართა.
1980-იან წლებში, ილია მეორის პატრიარქობისას საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ამ წლებში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა.
1977 წელს საქართველოში 48 მოქმედი ეკლესია იყო, ამჟამად მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებს.
თბილისში აშენდა საქართველოს ყველაზე დიდი სალოცავი — წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.