კათალიკოსი და „მცხეთისა საყდრის გვირგვინი დაუჭნობელი"

© photo: Sputnik / Oleg Makarov / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუსტად 40 წლის წინ, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრად არჩეულმა ახლაგაზრდა პატრიარქმა ისტორიული სიტყვები წარმოთქვა:

„მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.

მუხლს ვიხრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას.

თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის — ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება: უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს“.

ამ სიტყვების წარმოთქმამდე კი მოვლენები ასე განვითარდა: 1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა პატრიარქი დავით V (დევდარიანი).  16 ნოემბერს გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა და გადაწყდა, 23 დეკემბერს მოეწვიათ მე-12 საეკლესიო კრება კათოლიკოს-პატრიარქის ასარცევად, ხოლო ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია (აღსაყდრება) უნდა შესრულებულიყო 25 დეკემბერს სვეტიცხოველში. ვითარება, მრავალი მიზეზის გამო, საკმაოდ რთული იყო. კრებაზე განიხილებოდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას კანდიდატურა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რა არის სიყვარული

1977 წლის 23 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში შედგა მე-12 საეკლესიო კრება, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო  ეკლესიის მეთაურად ილია II აირჩია.

25 დეკემბერს ზღვა ხალხი მიაწყდა სვეტიცხოვლის ტაძარს. როგორც ამბობდნენ, ასეთი ხალხმრავლობა 1917 წლის 25 მარტის შემდეგ, როცა ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, აღარ ყოფილა მცხეთაში. მართალია, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტაძარში შესვლა მხოლოდ საშვებით იყო შესაძლებელი, მაგრამ ხალხის ნაკადმა მილიციის კორდონი გაარღვია და სვეტიცხოველი ძლივს იტევდა ახლადარჩეული პატრიარქის სანახავად მოსულებს. 

მოლოდინი დიდი იყო და, მადლობა ღმერთს, რომ ეს მოლოდინი გამართლდა!

ამ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო საზეიმო ღონისძიებები, კონფერენციები და საქართევლოში მართლმადიდებელი ქვეყნების დელეგაციების მოწვევა, თუმცა „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა”, – ნათქვამი იყო საპატრიარქოს განცხადებაში.

ზუსტად 40 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა ილია მეორემ ჩაიბარა სუდარაგადაფარებული ეკლესია, რომელიც ფეხზე წამოაყენა, განამტკიცა, განადიდა, განამშვენა.

დღეს, ოთხი ათეული წლის შემდეგ, სვეტიცხოველი უკვე მრევლითაა სავსე, წირვას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ერი თუ ბერი და, რაც მთვარია, სადღესასწაულო ლიტურგიაზე დგას ღვაწლმოსილი მხცოვანი პატრიარქი და კვლავ გულმხურვალედ ლოცულობს ერისა და მამულისათვის, ისევ ავედრებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავის წილხვედრ ქვეყანას.

მრავალჟამიერი იყოს მისი სიცოცხლე! ჩვენც ისე მივმართავთ ჩვენს პატრიარქს, როგორც საეკლესიო გუნდები ეგებებიან ტაძარში შებრძანებულს:

ჯვარისმტვირთველო ქართველი ერის, ღმერთმა ინებოს კურთხევა შენი!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0