თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ლოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე სირთულეებს ვერ გადაიტანდა.
მცხეთაში სვეტრიცხოვლის საკათედრო ტაძარში იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია გაიმართა. ღვთისმსახურებას, რომელიც ილია მეორემ ჩაატარა, ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მრევლი.
„ჩემთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ეს მოლოცვები. ყველას მადლობას ვუძღვნი და მინდა ვთქვა, რომ ეს 40 წელი იყო უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით ღვთის ლოცვა-კურთხევითა და დახმარებით ჩვენ განვვლეთ ეს წლები და შევასრულეთ 40 წელი. მე ვერ შევძლებდი ამის ატანას, ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო“, — ბრძანა ილია მეორემ.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ მორწმუნეს, ვინც მისთვის ლოცულობს.
„მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, ვინც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ… განსაცდელი გამოვლილი გვაქვს, შეიძლება კიდევ შეგვხვდეს განსაცდელი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დამშვიდდება, ჩვენი ერი გამთლიანდება და გაიხარებს. ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა ილია მეორემ.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ინტრონიზაციის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები ღონისძიებები, კონფერენციები და საქართევლოში მართლმადიდებელი ქვეყნების დელეგაციების მოწვევა მთელი წლის განმავლობაში იყო დაგეგმილი, თუმცა, მიმდინარე წლის მაისში, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მსოფლიოში არასტაბილური ვითარებისა და საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით საიუბილეო ღონისძიებები გაუქმდა.
1980-იან წლებში, ილია მეორის პატრიარქობისას საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება მოხდა. ამ წლებში საქართველოში ეპარქიების რაოდენობა 15-დან 33-მდე გაიზარდა.
1977 წელს საქართველოში 48 მოქმედი ეკლესია იყო, ამჟამად მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებს.
თბილისში აშენდა საქართველოს ყველაზე დიდი სალოცავი — წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.
ილია მეორე (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი შიოლაშვილისა და ნათალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.
1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს კი კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ ილია მეორე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს. იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის (1963-1972 წლები) რექტორი. 1967 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახდა, 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.