თბოენერგეტიკული და წყალგამწმენდი დანადგარების წარმოების რუსული კომპანია „პროფესიონალი“ საქართველოში დაფუძნებას აპირებს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ენერგორესურსების სწორი ხარჯვა და გათბობაზე ეკონომია ასწავლოს.
„პროფესიონალის“ დირექტორმა განვითარების კუთხით გიორგი ზაქროშვილმა კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო რუსული კომპანიების საქმიან მისიაში, რომელიც საქართველოში გაიმართა. რა უნდა შესთავაზოს კომპანიამ ქართველ ბიზნესმენებს, ამის შესახებ ზაქროშვილი „Sputnik-საქართველოს“ ესაუბრა.
- გიორგი, მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ და რა ამოცანები დაისახეთ საქართველოში?
— ჩვენი კომპანია თბოენერგეტიკული და წყალგამწმენდი დანადგარების წარმოებით არის დაკავებული. ძირითადი მიმართულებებია — არსებული ობიექტების ენერგოეფექტურობა, მათი ანალიზი და რეკონსტრუქცია, რადგან ენერგოეფექტურობისა და ენერგომოხმარების კულტურა საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. ბევრი სახელმწიფო საწარმო კოლოსალურ ელექტრო და თბოენერგიას მოიხმარს და ამ დროს ნორმის ექვივალენტებს რამდენჯერმე აჭარბებს. ამისათვის დანადგარების ანალიზს ჩავატარებთ. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მათ მოდერნიზებას ან კომპლექსურ ჩანაცვლებას განვახორციელებთ.
საჭიროა მკაფიოდ იქნას გათავისებული ენერგიის სწორი და ნორმირებული მოხმარების მნიშვნელობა. მაგალითად, თუ გარკვეულ თბოერთეულში კომპანია 75 თეთრს იხდის, ჩვენი სამუშაოს შემდეგ ის 45 თეთრს გადაიხდის, რაც წელიწადში კოლოსალურ ეკონომიას იძლევა. დამეთანხმებით, დაზოგილი ფული შეიძლება დაიხარჯოს კომპანიის განვითარებაზე, ხელფასების გაზრდაზე ან სხვა რაიმე უფრო კონსტრუქტიულზე, ვიდრე ფულის უაზროდ ფლანგვაა.
- რის ხარჯზე ხდება ასეთი ეკონომია?
— დანადგარებისა და მისი კომპლექსური მუშაობის ურთიერთკავშირის ხარჯზე, უკვე მოძველებული დანადგარების მოდერნიზაციის ხარჯზე. ჩვენ მას მორალურად მოძველებულ დანადგარებს ვუწოდებთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ დანადგარიც კი მორალურად შეიძლება მოძველდეს.
- რას გულისხმობთ მორალურად მოძველებული დანადგარებში?
— თუ ვისაუბრებთ ენერგოკომპლექსებზე, არსებობს ისეთი ობიექტები, სადაც 65-75-იანი წლების დანადგარები დგას. რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფაზე იქ საუბარიც კი ზედმეტია. პროცესის არანაირი ავტომატიზაცია არ არსებობს. ყველაფერი ნახევრადმექანიკურ რეჟიმში ფუნქციონირებს. სწორედ ასეთი ობიექტების მოდერნიზებას ვახდენთ. შემდგომში ეკონომია ენერგოეფექტურობის ხარჯზე მიიღწევა. მაგალითად, ძველ შენობებში სითბოს კოლოსალური დანაკარგი აღინიშნება. ჩვენ ვაანალიზებთ შენობა-ნაგებობას, ვაკვირდებით თბოიზოლაციას. რაც უფრო ნაკლებად დაგვჭირდება სახლის გათბობა, სითბოს გამომუშავებაზე მით უფრო ნაკლებ რესურს დავხარჯავთ. შესაბამისად, როდესაც კარგი თბოიზოლაციაა, ნაკლები რესურსი იხარჯება შენობის გათბობაზე, შესაბამისად, ფინანსების ეკონომია ხდება.
თუ შევამცირებთ ლოგიკურ ჯაჭვს — თბოიზოლაცია ეკონომიის ტოლფასია. თუ შერჩეულია სათანადო საშენი მასალა და დანადგარები, ინსტრუქციის თანახმად, გავიმეორებ, გათბობაზე ფინანსების 50%-იანი ეკონომიაა შესაძლებელი. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არავინ იცავს. მაგალითად, საქარველოში ჩვენ ვხედავთ ღია სადარბაზოებს — ეს ნონსენსია. ასეთი რამ დასაშვებია კაიროში, მაგრამ არა საქართველოში, სადაც ასე თუ ისე განსაზღვრულია ზამთრისა და შემოდგომის კლიმატური პერიოდები. სახეზეა ყოველგვარი თბოიზოლაციის არარსებობა, რაც რიგით მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს აზარალებს.
- რას შესთავაზებთ საქართველოს ამ პრობლემის გადასაჭრელად?
— მზად ვართ ჩავატაროთ კონსულტაციები, შევასრულოთ შეფ-მონტაჟი — ეს როდესაც კომპანია უშუალოდ ხელმძღვანელობს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს — ორი-სამი ჩვენი სპეციალისტი აკვირდება იმას, რომ ყველა სამუშაო გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შესრულდეს. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი სპეციალისტები არ არიან. ჩვენ გვაქვს მუშაობის გამოცდილება ქართულ კომპანიებთან, რომლებიც შეფ-სამონტაჟო სამუშაოებზე უარს ამბობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ამას თავადაც შეძლებენ, თუმცა ვაფრთხილებდით, რომ ეს ნაკლებად შესაძლებელია. საბოლოოდ ეს იმით სრულდებოდა, რომ ფორმდებოდა დამატებითი ხელშეკრულება, და ჩვენ მაინც ჩვენი სპეციალისტები მოგვყავდა.
ეს ცალკეული სკოლა, განათლება, გამოცდილებაა. ამიტომ ჩვენს გეგმებშია — საქართველოში სწავლების დაწყება. სტაჟირებაზე ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები უნდა ავიყვანოთ. ჩვენი ტექნოლოგიებისა და დანადგარების გარდა, საქართველოს შეგვიძლია გავუზიაროთ გამოცდილება და ეკონომია, რადგან დაზოგილი ფული სხვა რამეზე შეიძლება დაიხარჯოს. მაგალითად, სხვა ენერგეტიკულ პროექტებზე. კოლეგებთან საუბრისას შევთავაზე მინი-ჰესების შექმნის იდეა იმ რეგიონებში, სადაც არც გათბობა, არც ელექტროენერგია არსებობს. ჩვენ გაგვაჩნია გადაწყვეტილებები, რომლებიც სპეციალურად ისეთი შემთხვევებისთვის არის გათვლილი, როდესაც ავტონომიური, პატარა ენერგეტიკული ობიექტი, შორეულ სოფლებს ენერგიით უზრუნველყოფს. ასეთი რამ აქ ჯერჯერობით არ არის, თუმცა ეს — საქართველოს მომავალია. რა თქმა უნდა, თუ თქვენ სოფლების შენარჩუნება გსურთ. წინააღდეგ შემთხვევაში აქ არც სოფლები, არც მეურნეობები აღარ დარჩება. ყველა მასობრივად გადავა ქალაქში და სოციალური იდენტობა დაიკარგება.
- თუ არის მომგებიანი ნულიდან დაწყება და ადგილობრივი მოსახლეობის სწავლება?
— ძალიან. ზემოდ უკვე მოგიყევით შეფ-მონტაჟის ხელშეკრულების შესახებ, როდესაც საკუთარი სპეციალისტების ჩამოყვანის საჭიროება არსებობდა. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა დანახარჯებს უკავშირდება — გზა, ცხოვრება, კვება. როდესაც ადგილობრივი, ჩვენივე აღზრდილი სპეციალისტების აყვანის შესაძლებლობა გაჩნდება, ეს უკვე სულ სხვა საქმე იქნება. ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით, მაგრამ ეს კვლავ ბაზრის მოცულობასა და ჩვენი მომსახურებით დაინტერესებაზეა დამოკიდებული. დიახ, ჩვენ მზად ვართ ჩვენი ინვესტიციები ჩავდოთ. ჩვენ არ ვართ ისეთი კომპანია, რომელიც მოდის და ფულს ითხოვს. მხოლოდ სხვისი ფულით მუშაობა ყოველთვის უფრო ადვილია. ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ საკუთარი ფული, და ამით ჩვენ სხვა კომპანიებისგან არსებითად განვსხვავდებით.
- ქართულ მხარესთან უკვე თანამშრომლობთ?
— ორი წელია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ წარმატებულად, თუმცა ამჟამად ჩვენ მოლაპარაკებების ახალ ტალღაზე ვართ. ჩამოვედით საქმიანი მისიის ფარგლებში, ვაახლებთ კლიენტთა და პარტნიორთა ბაზებს იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ის, რაც უკვე დავიწყეთ. იმედი მაქვს, აქ დღითიდღე სულ უფრო მყარად დავფუძნდებით.