თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი დასრულდა დეკლარციის მიღებით, რომელმაც პროექტის მონაწილე ქვეყნების წინაშე, მათ შორის საქართველოს წინაშე, 2020 წლამდე შესასრულებლად 20 ამოცანა დასვა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში პარასკევს გაიმართა. საქართველოს სამიტზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენდა. პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა" ევროკავშირისა და ექვსი ქვეყნის – აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ არის მიმართული.
საქართველო ევროკავშირისთვის რჩება ერთგულ მოქავშირედ და პარტნიორად, რომლის ნდობა შეიძლება, ასეთი სიტყვებით მიმართა კვირიკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას.
მოგვიანებით მან მიღებული დეკლარაცია შეაფასა.
„ახლა გადასადგმელი გვაქვს შემდეგი, გაცილებით ამბიციური ნაბიჯები და რა განწყობაც არ უნდა იყოს ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას. 2020-სთვის წარმოდგენილი გვაქვს ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროპისკენ. ჩვენი პარტნიორებისგან არის აბსოლუტური მზადყოფნა, საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ პროცესში, რადგან საქართველომ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს მოუწევთ ეკონომიკისა და ინსტიტუტების განმტკიცების სფეროებში რეფორმების ჩატარება, ასევე ენერგოეფექტურობისა და მობილობის მიღწევა.
რეფორმები ითვალისწინებს ევროკავშირის დახმარებით მცირე და საშუალო საწარმოების მზარდი პოტენციალის განვითარებას, კლიენტზე ორიენტირებული ბიზნესის მხარდაჭერას, ეკონომიკური დიპლომატიის ახალი რეგიონული ქსელის შექმნას და განვითარებას ვაჭრობის გაფართოებისა და ინვესტიციების სტიმულირების მიზნით.
დავალებებს შორის არის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც ასევე დაუჭერს მხარს ევროკავშირი.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებმა მოუწოდეს კანონის უზენაესობისკენ, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისკენ. ევროკავშირმა პარტნიორებს მოუწოდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროებში.
დეკლარაციის თანახმად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილეები მოუთმენლად ელიან ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
„სამიტის მონაწილეები მოუთმენლად ელოდებიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების დინამიკისა და ეფექტურობის შემდგომ ამაღლებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მოქალაქეებისათვის კონკრეტულ სიკეთეებზე ამახვილებენ“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილეებს ფინანსურ დახმარებასაც პირდება.
„სამიტის მონაწილეები მიესალმებიან ევროკავშირის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მუდმივ მხარდაჭერას, კეთილმეზობლობის ევროპული ინსტრუმენტის სრული და მიზანდასახული გამოყენების მეშვეობით, ტრანსსასაზღვრო თანამშრლომლობის პროგრამებისა და სხვა ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების ჩათვლით. ევროკავშირის მიერ პარტნიორების ფინანსური მხარდაჭრრა რეფორმების კონკრეტული ნაბიჯებით იქნება განპირობებული. ევროკავშირის სტიმულებზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი მეტისათვის“) ისევ მოუტანს სარგებლობას იმ პარტნიორებს, რომლებიც მეტ რეფორმას ატარებენ“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით იგეგმება მდგრადი განვითარების ევროპის ფონდის შექმნა, რომლის მიზანი ინვესტიციების მობილიზება იქნება.
საქართველო 2009 წელს პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე გახდა. საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის ივნისში ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, რომლის განუყოფელ ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.
2017 წლის 28 მაისიდან ევროკავშირმა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისათვის ვიზები გააუქმა.