თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის ივნისში ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, რომლის განუყოფელ ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს. დღის წესრიგი ასოცირების შთანხმების შესრულების ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს და შეთანხმებით გათვალისწინებულ თანამშრომლობის ყველა სფეროს მიხედვით კონკრეტულ პრიორიტეტებს შეიცავს.
„ახალი დღის წესრიგი უფრო მეტად ამბიციურია და საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ასოცირების დღის წესრიგის პირველი ფაზის, 2014-2016 წლებში პრიორიტეტების განხორციელების კუთხით.
„ქვეყნის მიერ ამ პერიოდში გატარებული ძირეული რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისკენ ევროკავშირთან, აღიარებული და პოზიტიურადაა შეფასებული ახალ დღის წესრიგში“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად საქართველო ასოცირების შეთანხმების განხორციელების აქტიურ ფაზაში იმყოფება — მიმდინარეობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, ინტენსიურად ინერგება ევროპული სტანდარტები სხვადასხვა სფეროში, ვითარდება და ღრმავდება დარგობრივი თანამშრომლობა, აქტიურად მიმდინარეობს ევროპული პრაქტიკის დამკვიდრება და ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობის გზით და ა.შ. შესაბამისად, ასოცირების ახალი დღის წესრიგი ამ მისწრაფებასაც ასახავს, აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
განახლებული დღის წესრიგი სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციითა და ინტენსიური თანამშრომლობით შემუშავდა და ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტულ პრიორიტეტებს: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და ინსტიტუციების გაძლიერება; საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები; ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; კომუნიკაციები, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა, კლიმატი და სამოქალაქო დაცვა; მობილობა და ხალხთა შორის კავშირები.
„პრიორიტეტების განხორციელების პროცესში ევროკავშირი მზად არის სოლიდური ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს. ამ მიზნით ევროკავშირმა შეიმუშავა ახალი მრავალწლიანი ჩარჩო (2017-2020) – Single Support Framework, რომელიც ითვალისწინებს ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერას, მათ შორის საექსპერტო დახმარებით, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარებით, საქართველოში შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერებით და შესაძლებლობათა განვითარებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზად არის შექმნას დახმარების ახალი ინსტრუმენტები ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად.
უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან გაძლიერებული თანამშრომლობის შედეგად, ახალ დღის წესრიგში ცალკე პრიორიტეტად იქნა გამოყოფილი ეს მიმართულება. ასოცირების დღის წესრიგში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.