თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით ექვს თვეში საქართველოს დაახლოებით 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, განაცხადა ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.
ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის 28 მარტს აამოქმედა. საუბარია შენგენის ქვეყნებში მოკლევადიან (საერთო ჯამში 90 დღით 180 დღის მანძილზე) ტურიზმის, საქმიანი და სტუმრობის მიზნით ვიზიტებზე.
„ექვსი თვის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უვიზო რეჟიმი უზარმაზარი წარმატებაა. ათობით ათასმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი და ისარგებლა დაუბრკოლებელი მოგზაურობის შესაძლებლობით… უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ ისარგებლა და აქედან მხოლოდ 230-ს ეთქვა უარი შენგენის ზონაში შესვლაზე. საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად პროცესის მონიტორინგი მომავალშიც უნდა განვაგრძოთ", — განაცხადა ჰერმანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ეფექტური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა და დეტალურად განუმარტა უვიზო რეჟიმით სარგებლობის წესები, აღნიშნა ჰერმანმა.
ევროკავშირში გამგზავრებისთვის საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი, დაჯავშნილი ნომერი სასტუმროში ან ნათესავის ან მეგობრის მისამართი, სამედიცინო დაზღვევა, თანხა ცხოვრებისთვის და ბილეთი ორივე მიმართულებით.