საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა "Sputnik-საქართველოსთან" საუბარში XI ევრაზიის ფორუმ KAZENERGY-ს მაღალი შეფასება მისცა და საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისთვის ინვესტირების გეგმებზე ისაუბრა.
ფორუმი მიეძღვნა საერთაშორისო სპეციალიზებულ გამოფენა „ასტანა ექსპო 2017"-ს, რომელიც ყაზახეთში სამი თვე მიმდინარეობდა. 115 ქვეყნის პავილიონებში "მწვანე ენერგეტიკის" განვითარების სფეროში მეცნიერების უახლესი მიღწევები იყო წარმოდგენილი.
ქართული პავილიონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მას 700 000-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა.
ელოშვილი ფორუმის ერთ-ერთი საკვანძო სპიკერი იყო.
„დისკუსიების დროს განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები მდგრადი განვითარების კუთხით გაეროს მიზნების მიღწევის გზაზე. როგორც პარიზის შეთანხმების მხარე, საქართველო მთლიანად იზიარებს ამ შეთანხმების მიზნებს, რომელიც უკეთეს მომავალსა და გარემოს დაცვას ემსახურება. ჩვენ ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირების კუთხით. კლიმატი იცვლება და შედეგები სახეზეა. ახლახან ჩვენ ვებრძოდით ხანძრებს, რომლებიც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. საჭიროა ზომების მიღება, გლობალურ ძალისხმევას ვგულისხმობ", — განაცხადა ელოშვილმა.
მან სინანული გამოთქვა შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის გამო.
"მაგრამ უპასუხოდ არაფერი რჩება. როდესაც რეალური შედეგები და პროგრესი აშკარა გახდება, ვფიქრობ, აშშ-ში გადახედავენ საკუთარ გადაწყვეტილებას", — აღნიშნა ელოშვილმა.
მინისტრის თქმით, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების პოლიტიკა, რომელსაც ყაზახეთი ატარებს — წინსვლის მშვენიერი მაგალითია.
"ერთის მხრივ, ქვეყანა ენერგიას წიაღისეული საწვავისგან იღებს და ამავე დროს ენერგიის განახლებად წყაროებს ავითარებს, ეს ბრძნული პოლიტიკაა. წიაღისეული საწვავი ოდესმე ამოიწურება. ამიტომ ენერგიის განახლებადი წყაროები და საწვავის წიაღისეული სახეები ენერგეტიკაში კონკურენტ მიმართულებებს არ წარმოადგენენ, ეს არის ურთიერთშემცვლელი სახეობები. თუმცაღა ყველა ქვეყანას თავისი მიზნები გააჩნია და ის იქიდან გამომდინარე მოქმედებს, რა ენერგომატარებლებსაც ფლობს", — განაცხადა ელოშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, როგორ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები ენერგიის განახლებად წყაროებში.
"ორ ძირითად ფაქტორს გამოვყოფ. ინვესტიციების მოსაზიდად ახლებური მიდგომაა საჭირო, პირველ რიგში ეს არის კერძო ინვესტიციები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვან როლს ტექნოლოგიური მიღწევები ასრულებს, რის შედეგად წმინდა ენერგიის წარმოების ფასი ნელნელა, მაგრამ იკლებს", — აღნიშნა ელოშვილმა.
ფორუმის შედეგების მიხედვით შემუშავდა რეზოლუცია, რომელიც, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის კანატ ბოზუმბაევის თქმით, ენერგეტიკული მსოფლიოსთვის გახდება ერთგვარი ფარვატერი, რომლის მიხედვით მან უნდა იმოქმედოს.
ილია ელოშვილმა ასტანაში საქართველოს პავილიონის კომისარის რანგში საკუთარი სამუშაო დასასრულს „ექსპო დუბაი 2020"-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
Sputnik-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, ასტანაში მიღებული გამოცდილება საქართველომ დუბაიში გამოიყენოს.
„დიდი შანსია, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო გამოფენაში, მაგრამ საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. საამიროების პავილიონში საინტერესო და ნაყოფიერი მოლაპარაკებები შედგა. ჩვენ პატივისცემა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოვხატეთ. არაბეთის გაერთიანებული საამიროები საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, პერსპექტივაში ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის, ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც", — განაცხადა ელოშვილმა.
სამი თვის განმავლობაში ასტანა მსოფლიო ენერგეტიკის ლიდერებს მასპინძლობდა. ყაზახეთის დედაქალაქს 4 მილიონამდე სტუმარი ეწვია, მათ შორის 50-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური.