თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს პავილიონი ასტანაში საერთაშორისო გამოფენაზე EXPO 2017 ქვეყანას ყველა დაინტერესებულ პირს გააცნობს, განაცხადა ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პავილიონის დათვალიერების შემდეგ.
საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა EXPO 2017 სახელწოდებით "მომავლის ენერგია" ასტანაში 10 ივნისს გაიხსნა და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. გახსნის საზეიმო ცერემონია გუშინ გაიმართა. მასში 20 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მონაწილეობდა.
ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში კალაძე შეხვდა ქვეყნის პრემიერ–მინისტრს ბაკიტჟან საგინტაევს, აღნიშნულია ენერგეტიკის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„დავათვალიერეთ ჩვენი პავილიონი. ძალიან საინტერესოა, ძალიან მიხარია, რომ არის თანამედროვე და ყველა სამუშაო შესრულებულია. ძალიან დიდი ინტერესი იქნება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, არამხოლოდ ენერგეტიკული მიმართულებით გავაცნოთ დაინტერესებულ პირებს ჩვენი ქვეყანა, არამედ ჩვენი კულტურა და სხვადასხვა მიმართულება“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო EXPO 2017-ზე წარმოდგენილი იქნება 491 კვადრატული მეტრი ფართობის პავილიონში.
გამოფენაში 115 ქვეყანა მონაწილეობს. სავარაუდოდ, მას 2-3 მილიონი ადამიანი ეწვევა.
გამოფენაზე ქვეყნები აჩვენებენ მიღწევებსა და პერსპექტივებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების სფეროში და მათ ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა ეკოლოგიური სისუფთავე, ესპლუატაციის დაბალი ღირებულება და გარემოსთვის უვნებლობა.