თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, კიევში სააკაშვილის დაკავებას მოსალოდნელი უწოდა.
სააკაშვილი კიევში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს ხმაურიანი აქციის ფონზე, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. მიკროავტობუსი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი მომხრეების მიერ არის ბლოკირებული. მათ მიკროავტობუსის საბურავები დაუშვეს.
„ეს, რა თქმა უნდა, ის არის, რასაც ჩვენ თვეებია ველოდებოდით, ბოლო კვირები განსაკუთრებით, როდესაც მის ირგვლივ ყველას საქართველოში ან სხვაგან დეპორტირება გაუკეთეს, სცემეს ან შეაშინეს. მიშაც ელოდებოდა ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ არ ჩერდებოდა მისი აქტიურობა, და შედეგი სახეზეა", — განაცხადა რულოვსმა ტელეკომპანია Rustavi2-თან სატელეფონო საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მოვლენების პროგნოზირებისა, მომხდარით შეშფოთებულია.
„როდესაც მიშა არის ჩართული პროცესში, ყველაფერი ვითარდება ისე, როგორც არავინ ელოდება", — აღნიშნა რულოვსმა.
მომხდარში სააკაშვილის მეუღლემ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა.
„როგორც ცნობილია, დღეს პოროშენკომ ჩემ ქმარზე თავდასხმა მის ბინაში, კიევის ცენტრში განახორციელა. ვფიქრობ, რომ ეს თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრულია, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა — უკრაინასა და საქართველოში", — დაწერა რულოვსმა Facebook-გვერდზე.
მასმედიის ინფორმაციით, სააკაშვილი ეჭვმიტანილია დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვაში.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ პირობა დადო, რომ სამშაბათს უმაღლეს რადაში სააკაშვილის პარტიის ორგანიზებით მიმდინარე საპროტესტო აქციების დაფინანსების წყაროების შესახებ „სენსაციური" განცხადებით წარდგება.
სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. თუმცა, 2016 წელს გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალები" (Рух новых сил) დააარსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა. თავიდან ის აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მოგვიანებით კი კიევში გადავიდა საცხოვრებლად და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. შესაბამისად, მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადირების თხოვნით არაერთხელ მიმართა.