თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს „დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრების ხელშეწყობასა და მათი დანაშაულებრივი მოღვაწეობის დაფარვაში“ ადანაშაულებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უკრაინის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით.
აღნიშნული მუხლები უკრაინის კანონმდებლობით 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უწყებამ უკვე დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტი, რასაც პოლიტიკოსის დაკითხვა მოჰყვება.
გარდა ამისა, გამოცემა Украинская правда სააკაშვილის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ მისი კლიენტი „სახელმწიფო რეჟიმის დამხობის ხელშეწყობაშია“ ეჭვმიტანილი.
დღეს დილით მიხეილ სააკაშვილის ბინაში უკრაინის გენერალური პროკურატურისა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. პოლიტიკოსი 8-სართულიანი სახლის სახურავზე ავიდა და იქიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, თუ მისთვის ხელის ხლებას შეეცდებოდნენ.
სახლის წინ მისმა მხარდამჭერებმა მოიყარეს თავი, რომლებმაც სპეცრაზმის მებრძოლებზე იერიშის მიტანაც კი სცადეს. აქტივისტები სპეცრაზმის კორდონის გასარღვევად ნაგვის ურნებს იყენებდნენ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი სახურავზევე დააკავეს. სახლის წინ შეკრებილი მხარდამჭერები ძალოვნებს სააკაშვილის სახლიდან გამოყვანისა და წაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.