სააკაშვილი დააკავეს – რეაქცია საქართველოში

© REUTERS / Valentyn Ogirenkoსააკაშვილის მომხრეები კიევში პოლიციას ეწინააღმდეგებიან
სააკაშვილის მომხრეები კიევში პოლიციას ეწინააღმდეგებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ავანტიურისტი უწოდეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადიციის საკითხი ქვეყნებს შორის ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყდება, განუცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეკომპანია Rustavi2-ს.

სააკაშვილი სამშაბათს კიევში იმ სახლში დააკავეს, სადაც ცხოვრობდა. მისი დაკავება ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქცია ქუჩაში ახლაც გრძელდება. მიკროავტობუსი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ბლოკირებულია მისი მომხრეების მიერ.

„ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული სასამართლოს მიერ, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება და ასევე არის ძებნის პროცედურა დაწყებული და ეს პროცედურები გავლილია", — განაცხადა ბესელიამ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ვიდეორეპორტაჟი სახურავიდან: თვითმხილველი სააკაშვილის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს

„ექსტრადირებასთან დაკავშირებით თავის დროზე იყო მოთხოვნა. ასე რომ, ყველა შემდგომი სამართლებრივ პროცედურა მოხდება ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში", — აღნიშნა ბესელიამ.

უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილის გამოხდომები არ უნდა მოითმინოს, აღნიშნა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან" გედევან ფოფხაძემ.

„მიხეილ სააკაშვილი, თავისი ავანტიურისტული პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, იქაც და აქაც ყოველთვის ზღვარზე მოქმედებდა და მისთვის კანონის დარღვევა ხანდახან გარკვეული პოლიტიკური ეფექტის მიღწევის საშუალება იყო. მე არ მგონია, რომ უკრაინის სახელმწიფომ ეს ყველაფერი უნდა მოითმინოს", — განაცხადა ფოფხაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადირების საკითხი სამართლებრივი ნორმებით უნდა მოხდეს და არა პოლიტიკური სარგებლიანობის მიხედვით.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება - Sputnik საქართველო
ქართველი ექსპერტი: სააკაშვილის დაკავება მოსალოდნელი იყო

„რაც შეეხება ექსტრადირებას, მე ამის პოლიტიკური სარგებლიანობის შეფასებაზე თავს შევიკავებ და არ ვიტყვი, გვაწყობს თუ არ გვაწყობს. მე მგონია, რომ უნდა გამოვიდეთ იქიდან, თუ რა არის სწორი სამართლებრივად. თუ ადამიანს შენ ქვეყანაში აქვს ჩადენილი დანაშაული, პოლიტიკურ სარგებლიანობაზე საუბარი არ უნდა იყოს", — აღნიშნა ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სააკაშვილს ავანტიურისტი უწოდა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„რა ინფორმაციებსაც ვისმენთ, მე, მაგალითად, მცხვენია, რომ ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის მიმართავს ყველანაირ ავანტიურას, რათა კიდევ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხერხდება მისი მხრიდან", — განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

სააკაშვილის თანამებრძოლმა მის დაკავებას საქართველოს ყოფილი პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეთქმულება უწოდა.

სპეცრაზმი სააკაშვილის დაკავებისას - Sputnik საქართველო
რას ედავებიან სააკაშვილს: ოდესის ყოფილ გუბერნატორს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

„ისინი არ ხელმძღვანელობენ ხალხის ინტერესებით, ისინი არ ხელმძღვანელობენ სახელმწიფოებრივი ინტერესებით, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი — საკუთარი ხელისუფლება გაიხანგრძლივონ იმით, რომ ასეთი ადამიანები, ლიდერები, რომლებიც ებრძვიან ოლიგარქებს, რომლებიც ებრძვიან მკვლელებს, ჩამოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას", — განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა

სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. თუმცა, 2016 წელს გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი „კლანების" მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალები" (Рух новых сил) დააარსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა. თავიდან ის აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მოგვიანებით კი კიევში გადავიდა საცხოვრებლად და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. შესაბამისად, მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0