თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავება მოსალოდნელი იყო, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" საუბრისას სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ.
სააკაშვილი კიევში, დროებით საცხოვრებელ სახლში, ხმაურიანი აქციის ფონზე დააკავეს, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. ავტომობილი, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი მომხრეების მიერ არის ბლოკირებული. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სააკაშვილი სახლის სახურავზე ავიდა და მომხრეებს იქიდან მიმართა. ამასთან, სპეცრაზმის წევრები, ჩხრეკის ჩატარების მიზნით, მისი ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ.
„ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მას დააკავებდნენ. ჩემ საჯარო გამოსვლებში ამის შესახებ არაერთხელ გამიცხადებია. ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო, იმიტომ რომ ადამიანს, რომელმაც ამდენი დანაშაული ჩაიდინა, ადრე თუ გვიან აუცილებლად დააკავებდნენ", — განაცხადა მამრაძემ.
უკრაინული მასმედიის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალი წარედგინება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.
გაითვალისწინებს თუ არა უკრაინა საქართველოს მოთხოვნას სააკაშვილის სამშობლოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.
სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. თუმცა, 2016 წელს გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალები" (Рух новых сил) დააარსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა. თავიდან ის აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მოგვიანებით კი კიევში გადავიდა საცხოვრებლად და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. შესაბამისად, მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.