თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სვანური არქიტექტურის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების რეაბილიტაციის პროცესს განაგრძობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპლექსური სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ამ დროისთვის, ჩაჟაშში მდებარე 40-მდე კოშკიდან და მაჩუბიდან, 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლი უკვე რეაბილიტირებულია. დასრულდა მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ქვის კონსერვაციისა და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც.
მიმდინარე წელს რეაბილტაცია ჩაუტარდა ნიჟარაძეების 12 საგვარეულო მაჩუბსა და კოშკს.
„დაზიანებულ სეგმენტებზე გამოფიტული კედლების საპირე წყობა დაიშალა და ხელახლა აღდგა კირ-დუღაბით. მშრალი ქვის წყობის ბზარები შეივსო და ფარული რკინა-ბეტონისა და რკინის სალტეებით გამაგრდა. შეიცვალა დაზიანებული გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარა და ანტისეპტიკურად დამუშავდა. მაჩუბებისა და ციხე-კოშკების ნაწილის საძირკვლები გაძლიერდა კირ-დუღაბის ხსნარით. მაჩუბების სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები სრულად აღდგა ფენილი ხე-მასალით. რიგ შემთხვევებში ახლით შეიცვალა მნიშვნელოვნად დაზიანებული ხის კარები“, —ნათქვამია განცხადებაში.
ფიზიკური სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი 2018 წლის გაზაფხულიდან განახლდება. წინა სამუშაოების მსგავსად, მომდევნო ეტაპზეც ციხე-კოშკებისა და მაჩუბების სახურავებისა და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრება იგეგმება. სამომავლოდ იგეგმება იმ ციხე-კოშკის რეაბილიტაციაც, სადაც ამჟამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული სამი წლის განმავლობაში უკვე აღდგა 70-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 160-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელსაც მუზეუმის სტატუსი აქვს მინიჭებული, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი.
გადმოცემის თანახმად, ჩაჟაში, რომელიც სვანურად ცხენების სადგომს ნიშნავს, თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.
უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1996 წელს შევიდა.