თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სკოლებში უსაფრთხოებაზე კონტროლს გაამკაცრებს თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პარასკევს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის მახლობლად არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად 16 წლის ორი მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი სავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს სამი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ორშაბათიდან მანდატურები მკაცრად დაიცავენ უსაფრთხოებას სკოლებში“, — განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
51-ე სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი: (+995) 577 994 181.
განათლების სამინისტრო სხვა ზომების მიღებასაც აპირებს, რათა მომავალში ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდეს.
„გამოძიების დასრულების შემდეგ დეტალურად გავაანალიზებთ ყველა იმ მიზეზს, რასაც ასეთი ტრაგედიის გამოწვევა შეეძლო, და ამჯერად სწრაფი რეაგირება იქნება… რაც კეთდება, იმაზე ათჯერ მეტი უნდა გაკეთდეს, იმავე საინფორმაციო კამპანიებით, მონიტორინგით მოსწავლეების ქცევაზე და ა.შ. არამხოლოდ სკოლის პერიმეტრის შიგნით, არამედ სკოლის შემდგომი საქმიანობის განმავლობაში“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
ბოლო მოვლემებთან დაკავშირებით კომენტარი განათლების მინისტრმაც გააკეთა.
„გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა. სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა“, — დაწერა ჩხენკელმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
სასწავლო დაწესებულების გარეთ მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებას საქართველოს პარლამენტიც აპირებს.
„არაუგვიანეს ორშაბათისა, გვექნება შეხვედრა შსს-ს უწყების ხელმძღვანელთან, რათა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს სკოლის ტერიტორიების მიღმა უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ეს შეიძლება იყოს დამატებითი მონიტორინგი, დამატებითი ვიდეოკამერები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქუჩებში… ასევე, არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი, რომ პოლიციური რეჟიმი არ შემოვიტანოთ განათლების სისტემაში“, — განაცხადა განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა საზოგადეობრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
დეპუტატები სკოლის მანდატურების უფლებამოსილების გაფართოების საკითხის განხილვასაც აპირებენ, რათა მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება შეძლონ.
ინციდენტი პარასკევს შუადღეს ხორავას ქუჩაზე მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროს ორი მოზარდი დაიჭრა. ამ დროისათვის პოლიციამ დააკავა იმ მოზარდის მკვლეოლობაში ეჭვმიტანილი, რომელიც მომხდარის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე ამ დრომდე იძებნება.
წინასწარი მონაცემებით, ჩხუბში 10-დან 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.