თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მომავალი კვირიდან 51-ე სკოლის მოსწავლეებთან იმუშავებენ ფსიქოლოგები, რათა არ დაუშვან იმ ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რაც არასრულწლოვანთა სისხლიან გარჩევას მოყვა.
ინციდენტი პარასკევს შუადღეს ხორავას ქუჩაზე მოხდა 51-ე სკოლის მახლობლად. გარჩევისას ცივი იარაღით დაჭრეს ორი 16 წლის მოზარდი, ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. პაციენტს ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში მივა ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად“, — ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიმართვაში, რომელიც უწყების ვებგვერდზე გავრცელდა.
მინისტრმა მიუსამძიმრა გარდაცვლილის ახლობლებს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, 51-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.
„მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს. ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზადაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას“, — ნათქვამია ჩხენკელის განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, ჩხუბი 51-ე და 53-ე სკოლების უფროსკლასელებს შორის მოხდა. ჩხუბში 10-დან 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს როგორც 51-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟებული, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე გულისხმობს.