საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლების დარღვევად აღიარა ნორმა სისხლის სამართლებრივი დევნის, მით უმეტეს პატიმრობის შესახებ, მარიხუანას განმეორებითი მოხმარების შემთხვევაშიაც კი.
სანამ „ბალახის“ მოყვარულები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში ულოცავენ, სპეციალისტები განმარტავენ, რომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია სულაც არ ნიშნავს მის ლეგალიზებას.
ბოლო დრომდე ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში დამრღვევს, სსკ-ის თანახმად, ელოდა ჯარიმა 120-დან 180 დღემდე ვადით გამასწორებელი სამუშაოები ანდა თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით.
მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციურად სასამართლომ ჯერ 2015 წლის ოქტომბერში აღიარა.
დეკრიმინალიზაცია
სისხლის სამართლის სასჯელის გაუქმება მარიხუანას ლეგალიზებას არ ნიშნავს. ამ ნივთიერების მოწევა ისევ უკანონოდ მიიჩნევა, თუმცა ამიერიდან ის მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს — 500 ლარის ოდენობის ჯარიმას გულისხმობს.
„მარიხუანა რჩება დასჯადი. არავის არ ჰქონდეს იმის თაობაზე ილუზია, რომ მარიხუანას ლეგალიზება ხდება. საუბარია იმაზე, რომ გაყიდვა, გასაღება, გადაცემა რჩება დასჯადი, უბრალოდ, პირადი მოხმარების მიზნით და დადგენილი რაოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში აღარ იქნება ნასამართლეობა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.
5 გრამამდე გამხმარი მარიხუანა და 10 გრამამდე ნედლი — ეს ის რაოდენობაა, რომელიც განიხილება, როგორც პირადი მოხმარების ნარკოტიკი.
ვის შეეხება კანონის მოქმედება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მარიხუანას მომხმარებლებს ეხება.
„ბალახის“ შეძენა, შენახვა, მით უმეტეს რეალიზება სისხლის სამართლის დასჯად დანაშაულად რჩება. თუმცა 2016 წლის სექტემბერში 70 გრამამდე მშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელი შერბილდა. ამ შემთხვევაში სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენება.
ნარკოტიკების რელიზება, მათ შორის მარიხუანასი, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულად რჩება.
უფლებებს აღუდგენენ
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის მსჯავრდებულებს მოეხსნებათ ნასამართლეობა და ჩამორთმეულ უფლებებს აღუდგენენ.
„მარიხუანას მოხმარების გამო გასამართლებული პირებს შეუძლიათ განაჩენების გადასინჯვა, ასევე მათ შეუძლიათ ნასამართლობის მოხსნა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, მათ შორის შრომითი უფლებები და მართვის მოწმობის უფლება. თუმცა, ეს არ ხდება ავტომატურ რეჟიმში და პირმა სააპელაციო სასამართლოს უნდა მიმართოს“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე.
რა იქნება შემდეგ
ამასთან, სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოში სხვა ნარკოტიკების მომხმარებლებსაც „ცხოვრება“ გაუადვილდეთ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სასჯელის გაუქმებას ითვალისწინებს.
ცვლილებების ახალი ვერსია პარლამენტში დეკემბერში შევა.