მალე „ბალახის" მოწევა ლეგალურად შეგეძლებათ – ოპოზიცია პირობას დებს

© AP Photo / Brennan Linsleyმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას პარტია „გირჩი“ სტერეოტიპების ნგრევად მიიჩნევს.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მისი ლეგალიზაცია მოჰყვება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ, იმ პარტიის, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს საქმე მოუგო.

ხუთშაბათს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგება და მოქმედ ნარკოპოლიტიკას პატერნალიზმი უწოდა.

საქართველოში ამიერიდან „ბალახის“ მოხმარებისთვის პირს პატიმრობა არ ემუქრება, თუმცა ეს არ ნიშნავს ლეგალიზაციას – მარიხუანის მოხმარება კვლავ უკანონობად ითვლება, მაგრამ ეს მოქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ექვემდებარება.

„2017 წლის 30 ნოემბერი მნიშვნელოვანი დღეა… ჩვენ გპირდებით, რომ საქართველოში ახლო მომავალში, თუ ეს ამ გადაწყვეტილებაში (სასამართლოს – რედ.) ნათქვამი არაა, მარიხუანის შეძენა–მოხმარება ლეგალური იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ ბრიფინგზე. 

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობა არ გემუქრებათ

მისი სიტყვებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაანგრია დიდი ხნის განმავლობაში დადგენილი სტერეოტიპები.

„დღეს ჩვენ პირველად გავარღვიეთ ნარკოტიკებთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის მიერ დადგენილი წინააღმდეგობა. დღეს ჩვენ პირველად ვთქვით ადამიანზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არასდროს იქნება დამნაშავე. და უბრალოდ ამ სიტყვების უკან დაბრუნება შეუძლებელია… „გირჩი“ აუცილებლად მოგცემთ ამის გარანტიას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე „გირჩის“ წარმომადგენელი გივი შანიძე იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს „პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს“. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მარიხუანის მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის გარკვეული ზიანი მოაქვს, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია ამ უფლების შეზღუდვა.

5 გრამამდე გამხმარი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა – ეს ის რაოდენობაა, რომელიც განიხილება როგორც ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის.

პარტია „გირჩი“ 2015 წელს პოლიტიკოსების ჯგუფმა დააარსა, რომლებმაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. ერთ–ერთ მთავარ მიზნად მათ მარიხუანის შეძენა–შენახვა–მოხმარების ლეგალიზაცია დაასახელეს.

ამ საკითხისადმი ყურადღების მიპყრობის მიზნით „გირჩმა“ 2016 წლის 31 დეკემბერს საკუთარ ოფისში მარიხუანა საჯაროდ დათესა.

ყველა ახალი ამბავი
0