თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ცნობილ ტერორისტ ახმედ ჩატაევსა და მის თანამზრახველებს 22-საათიანი სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე იარაღის დაყრას და დანებებას სთავაზობდნენ, განაცხადა ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა.
თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 21 ნოემბრის საღამოს დაიწყო და აქტიურ ფაზაში 22 ნოემბრის ღამეს გადავიდა. პერიოდულად მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებების ხმა. დაკავებულია ერთი პირი — რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი, სამი გარდაცვლილია. მათგან ორი ლიკვიდირებულია, ერთმა — ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე.მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან“, — განაცხადა გიორგობიანმა.
დანებების თაობაზე სუს-ის წინადადების საპასუხოდ ეჭვმიტანილებმა სპეცრაზმის მისამართით ცეცხლი გახსნეს.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს“, — განაცხადა გიორგობიანმა.
მან ასევე განმარტა, რატომ გაგრძელდა დიდხანს სპეცოოპერაცია.
„სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის გათვალისწინებით. 20-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიდან ორი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა — ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა“, — აღნიშნა გიორგობიანმა.
სპეცოპერაციისას დაიღუპა სუს-ის თანამშრომელი, ივანე გოლაშვილი. დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი, და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.
„დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მადლობას ვუხდით ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დაიცვა ჩვენი მოქალაქეები“, — ხაზგასმით აღნიშნა გიორგობიანმა.
მან უარყო რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორმა ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ შეესაბამება“, — აღნიშნა გიორგობიანმა.
მან აღნიშნა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე სუს-ი საერტაშორისო პარტნიორებთან ერთად შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე მუშაობს, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
ქართულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩატაევის გარდა, ლიკვიდირებულთა შორის შეიძლება ყოფილიყო პანკისის ხეობის მკვიდრი ადამ გუმაშვილი, რომელიც, ნათესავების მტკიცებით, სირიაში იმყოფება და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე იბრძვის.
შემიძლია უტყუარად და დამადასტურებლად გითხრათ, რომ ლიკვიდირებულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის“, — განაცხადა გიორგობიანმა.
ლიკვიდირებულ პირებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. მათი იდენტიფიკაციის პროცესში ქართულ სამსახურებთან ერთად ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.
გიორგობიანმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში, ჩატაევთან ერთად ბინაში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და შვილი. მედიის ინფორმაციით, ჩატაევის მეუღლე პანკისის ხეობის მკვიდრია.
„როგორც ადრე აღვნიშნე, მისი ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფებიან. ჩვენი ინფორმაფიით, მათ საქართველო რამდენიმე წლის წინ დატოვეს“, — განაცხადა გიორგობიანმა.
მანამდე პარასკევს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა, რომ დამნაშავეები საქართველოში არალეგალური გზით მოხვდნენ.
„ამ ეტაპზე შემიძლია განგიცხადოთ, რომ, როგორც ერთხელ უკვე გითხარით, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული. რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, რა მიზნით იმყოფებოდნენ, როგორ შემოაღწიეს, ჰყავდათ თუ არა მოკავშირეები საქართველოში, ამას აუცილებლად მოგახსენებთ უახლოეს მომავალში“, — აღნიშნა გიორგობიანმა.
მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციაში თურქული სპეცრაზმი მონაწილეობდა.
„რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ჩართულობას, უშუალოდ, სპეცოპერაციის დროს, არცერთი ქვეყნის სპეცსამსახური ჩართული არ ყოფილა“, — განაცხადა გიორგობიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 328-ე („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ანდა მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში“),323-ე („ტერორისტული აქტი, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი“) და 323-ე პრიმა 1 მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით“).