თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ოთხი ბრალდებული, რომელთა წინააღმდეგ თბილისში 22 ნოემბერს მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდა, განუცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.
21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათს გაგრძელდა. დაკავებულია ერთი ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო ოთხი დაშავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) უფროსმა განაცხადა, რომ საუბარია საერთაშორისო ტერორიზმზე.
„ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და, შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი", — განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.
საქართველოს ხელისუფლება სპეცოპერაციის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ავრცელებს, მათ შორის, არ ასახელებს დარჩენილი ბოროტმოქმედების ვინაობას.
რაც შეეხება დაკავებულ დუდაევს, სასამართლომ მას გამოძიების პერიოდში პატიმრობა უკვე შეუფარდა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 328-ე („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ან/და მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში") და 323-ე პრიმა მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით").
დუდაევს შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფრო ადრე სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის შეიძლება ახმედ ჩატაევი იყოს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 2015 წელს საერთაშორისო ტერორისტების სიაში შეიყვანა.