თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის სპეცოპერაციასა და ქობულეთში თურქეთის მოქალაქის დაკავებას შორის კავშირი უარყო.
თურქეთის 35 წლის მოქალაქე ქალს იარაღის მთელი არსენალი აღმოუჩინეს, მათ შორის ხელყუმბარები და საბრძოლო ვაზნები.
„სრული პასუსისმგებლობით მინდა განგიცხადოთ, რომ ქობულეთის სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისის ოპერაციასთან", — განაცხადა გახარიამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 25 ნოემბერს დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს უკვე შეუფარდა პატიმრობა გამოძიების პერიოდში.
რაც შეეხება სპეცოპერაციას, ის 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში განხორციელდა, რომელიც 22 საათს გაგრძელდა. დაკავებულია ერთი ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო ოთხი დაშავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) უფროსმა განაცხადა, რომ საუბარია საერთაშორისო ტერორიზმზე.
უფრო ადრე სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საუბარია საერთაშორისო ტერორიზმზე.
ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად შეეფერება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის შემდეგ ერთ-ერთ მოკლულ ტერორისტს, რომელიც მასმედიის კამერების ობიექტივში მოხვდა, ჰქონდა ისრაელის წარმოების იარაღი Jericho, რომელიც ქართველი ძალოვანების შეიარაღებაშია.
„ამის შესახებ პირველად მესმის. ასეთი ვერსიები შეიძლება ბევრი გავრცელდეს. ვიმეორებ, მთავარი ამოცანაა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს. მე ვფიქრობ, ბევრი კითხვა იყო, ბევრს პასუხი გაეცა და ახლა გამოძიება არის აქტიურ ფაზაში შესული. დაველოდოთ", — განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება დაკავებულ პირს — დუდაევს, სასამართლომ მას გამოძიების პერიოდში პატიმრობა უკვე შეუფარდა. მას შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 328-ე („უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანება ან/და მისი დახმარება ტერორისტულ საქმიანობაში") და 323-ე პრიმა მუხლებით („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით").