თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში 21–22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა.
დაღუპული რომ ახმედ ჩატაევი იყო, დნმ–ის ანალიზის საფუძველზე და გამოძიებაში ამერიკელი კოლეგების დახმარების წყალობით გახდა ცნობილი.
სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე თითქმის ერთი დღე–ღამე გაგრძელდა – ის 21 ნოემბერს დაიწყო და აქტიურ ფაზაში 22 ნოემბრის ღამით გადავიდა. პერიოდულად ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. შედეგად დაკავებულია ერთი პირი – რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი, ხოლო სამი – ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სპეცრაზმის ერთი თანამშრომელი, ხოლო ოთხმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. მოგვიანებით სუს–ის უფროსმა განაცხადა, რომ საუბარია საერთაშორისო ტერორიზმზე.